გერმანია მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციასთან სამშვიდობო მოლაპარაკებები მხოლოდ სრული ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ უნდა დაიწყოს, – უკრაინული მედიის ცნობით, ასე ეხმაურება ფედერალური კანცელარიის ხელმძღვანელი, ტორსტენ ფრეი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას, რომელმაც უკრაინას მოუწოდა, დათანხმდეს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის წინადადებას თურქეთში მოლაპარაკებებთან დაკავშირებით.
ტორსტენ ფრეიმ გერმანულ ტელეარხ ARD-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთმა ჯერ უკრაინაზე თავდასხმები უნდა შეწყვიტოს.
„პირველ რიგში, ჩვენ გვჭირდება ცეცხლის შეწყვეტა და მისი განხორციელების მკაფიო ვალდებულება. ახლა კიევში ვხედავთ ახალ ევროპულ სიმტკიცეს და ეს სიმტკიცე ასევე უნდა გამოიხატოს მოქმედებაში,“ – აღნიშნა ფედერალური კანცელარიის ხელმძღვანელმა.
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინას მოუწოდებს, დათანხმდეს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის წინადადებას თურქეთში მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. “რუსეთის პრეზიდენტ პუტინს არ სურს უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დადება, არამედ ხუთშაბათს, თურქეთში შეხვედრა სურს, რათა სისხლისღვრის შესაძლო დასრულებაზე მოლაპარაკება მოხდეს. უკრაინა ამას დაუყოვნებლივ უნდა დაეთანხმოს“, – განაცხადა ტრამპმა.
