კლინიკის დირექტორმა და ფარმაცევტმა ხელოვნურად გაზარდეს გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულება | მოტყუებით დაეუფლნენ 108 032 ლარს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე მხილებულია ორი პირი.
უწყების თქმით, ქვემო ქართლში, COVID 19-ის სამკურნალო კლინიკის დირექტორმა და ფარმაცევტმა გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულება ხელოვნურად გაზარდეს და მოტყუებით 108 032 ლარს დაეუფლნენ.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ქვემო ქართლის რეგიონში მდებარე ერთ-ერთი სამედიცინო ცენტრი, 2021 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 1 იანვრამდე პერიოდში, წარმოადგენდა “COVID 19″-ის დადასტურებული შემთხვევების სამკურნალო სამედიცინო დაწესებულებას. აღნიშნულ პერიოდში პროგრამის ფარგლებში, ხსენებული დაწესებულების დირექტორმა და ფარმაცევტმა, ამავე საავადმყოფოში მოთავსებულ პაციენტებზე ხელოვნურად გაზარდეს გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულება, რა გზითაც მოტყუებით დაეუფლნენ ჯამში 108 032 ლარს”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საგამოძიებო სამსახურის თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებები ტარდება.