ქართული საცხენოსნო ტურების ონლაინპლატფორმა Horsetours.ge საერთაშორისო გაფართოებას განაგრძობს და სავარაუდოდ, უახლოეს ერთ თვეში მაროკოს ბაზარზეც შევა. ამის შესახებ კომპანიის თანადამფუძნებელმა, ანა ნადირაძემ, BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ისაუბრა.
როგორც ნადირაძემ აღნიშნა, გასული წელი ძირითადად ქართულ ბაზარზე განვითარებას დაეთმო, თუმცა ზამთრის სეზონის განმავლობაში, მაშინ როდესაც დაბალი ტურისტული სეზონია, კომპანია აქტიურად მუშაობდა ახალ საერთაშორისო შესაძლებლობებზე.
„თავდაპირველად მხოლოდ ჩვენი საცხენოსნო ტურების გაყიდვას ვგეგმავდით, მაგრამ მომხმარებლის მხრიდან გაჩნდა დაინტერესება სხვა ქვეყნების მიმართულებითაც, რაც ჩვენთვის ახალ ნაბიჯად იქცა გლობალური პლატფორმის შექმნის გზაზე“, – აღნიშნა ანა ნადირაძემ.
Horsetours.ge-მ გასული წლის განმავლობაში უკვე დაიწყო ოპერირება ყირგიზეთის, სლოვენიისა და იორდანიის ბაზრებზე. როგორც კომპანიაში განმარტავენ, საერთაშორისო ტურებიდან ამ ეტაპზე შემოსავლის 5-10% მოდის, თუმცა მოლოდინია, რომ ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვანი ზრდით გაგრძელდება.
ნადირაძე ასევე აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი გამოწვევა საერთაშორისო გაფართოებისას ენობრივი ბარიერებია – განსხვავებით საქართველოსგან, სადაც ციფრულად აქტიური გიდების მოძიება გაცილებით მარტივია. ამასთან, საერთაშორისო ბაზრებზე კომპანიის მიზანია, ისეთი პარტნიორების მოძიება, რომლებიც ტურების მასშტაბურად გაშლაში დაეხმარებიან, როგორც ეს ნაწილობრივ ყირგიზეთში მოხერხდა.
„ტურების ხანგრძლივობა მოთხოვნაზეა დამოკიდებული – მინიმუმ ნახევარი საათიდან დაწყებული კვირობით გაგრძელებული. რაც შეეხება ფასს, უცხოურ ბაზრებზე ტურები ოდნავ ძვირია, რაც რეგულაციებითა და ლოგისტიკით არის განპირობებული“, – ამბობს ანა ნადირაძე.
მისივე თქმით, საქართველოშიც რჩება გარკვეული გამოწვევები, განსაკუთრებით – ადგილობრივი ლოკაციების გაციფრულებასთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, აღმოსავლეთ საქართველოს, განსაკუთრებით კახეთის ტურები ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ მიმართულებად რჩება. ის ასევე დასძენს, რომ ამჟამად მომხმარებელთა 70% უცხოელებზე მოდის, ძირითადად – აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან, გერმანიიდან, შვეიცარიიდან და ისრაელიდან. ქართველების წილი კი, ჯერჯერობით 30%-ია, თუმცა აქაც ზრდის ტენდენცია იკვეთება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ტურებზე მოთხოვნით ევროპული ბაზრები ჭარბობენ, ტურების დამატება ძირითადად აზიური ბაზრებიდან ხდება, სადაც საცხენოსნო ტურების რაოდენობა გაცილებით ფართოა.
„ჩვენი სტრატეგიაა, რომ სხვადასხვა ბაზარზე მოვახდინოთ გეოგრაფიული და სერვისული დივერსიფიკაცია, რათა მომხმარებელს მრავალფეროვანი არჩევანი შევთავაზოთ და კონკრეტულ ლოკაციაზე დამოკიდებულება შემცირდეს“, – დასძინა ანა ნადირაძემ.
