10 მაისის დილას პაკისტანმა ახალი სამხედრო შეტევა წამოიწყო ინდოეთის წინააღმდეგ – პაკისტანის განმარტებით ეს არის პასუხი ინდოეთის მხრიდან მათ სამხედრო ბაზებზე მიტანილ შეტევებზე.
პაკისტანის მტკიცებით, ინდოეთმა სამ სამხედრო ბაზაზე იერიში მიიტანა. მათგან ერთი რავალპინდიში, ისლამაბადთან ახლოს მდებარეობს, დანარჩენი ორი კი აღმოსავლეთ პენჯაბში, ინდოეთის საზღვართან.
პაკისტანის თქმით, საპასუხო შეტევის ფარგლებში განადგურებულია ბრაჰმოსის რაკეტების საწყობი ბეასის რაიონში, ასევე იერიშების სამიზნე გახდა ინდოეთის დასავლეთ პენჯაბის რეგიონში მდებარე პატანკოტის ავიაბაზა და ქაშმირის უდამპურის ავიაბაზა.
იმის მიუხედავად, რომ პაკისტანი ამტკიცებს, სამოქალაქო ობიექტები თავდასხსმის სამიზნე არ იქნება და მხოლოდ იმ მიმართულებით ვახორციელებთ შეტევას, საიდანაც პაკისტანელებს უტევენო, ინდოეთი ამბობს რომ პაკისტანი ქაშმირშის რეგიონში სამოქალაქო ტერიტორიებსაც უტევს, მათ შორის სამედიცინო და საგანმანათლებლო შენობებს.
ინდოეთის ოფიციალური პირების ინფორმაციით, 10 მაისს პაკისტანის მიერ დაწყებული სამხედრო ოპერაციის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი, განვითარების კომისარი, რაჯ კუმარ ტაპა დაიღუპა.
მსხვერპლზე საუბრობს პაკისტანიც. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ინდოეთის დარტყმების შედეგად ბოლო ერთი დღის განმავლობაში სადავო ქაშმირის პაკისტანის მიერ კონტროლირებად ნაწილში 13 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 50-ზე მეტი კი დაშავდა.
ქაშმირში ტერაქტის შემდეგ ინდოეთი პაკისტანთან დიპლომატიურ კავშირებს ამცირებს
ორ ბირთვულ სახელმწიფოს შორის 1999 წლის შემდეგ ყველაზე ინტენსიურ დაძაბულობას შეშფოთებით უყურებენ საერთაშორისო აქტორები. “დიდი შვიდეულის” ქვეყნებმა 9 მაისს მხარეებს თავშეკავებისა და პირდაპირ დიალოგზე გადასვლისკენ მოუწოდეს. 10 მაისს კი აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ტელეფონით ესაუბრა პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრ იშაქ დარს, სიტუაციის დეესკალაციისკენ მოუწოდა და კონსტრუქციული დიალოგის წარმოებაში ამერიკის მხრიდან დახმარება შეთავაზა.
წყარო: “რადიო თავისუფლება”
