პაკისტანი ინდოეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციას იწყებს, სახელწოდებით „ბუნიან-უმ-მარსუსი“. ამის შესახებ Geo TV წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება,
ოპერაციის სახელწოდება ყურანიდან არის აღებული. ეს არის აიათის ნაწილი: „ჭეშმარიტად, ალაჰს უყვარს ისინი, ვინც მისი საქმისთვის ბრძოლაში იდგნენ, თითქოს ისინი მტკიცე კედელი იყვნენ“. ბუნიან უმ მარსუს არაბული გამოთქმაა, რომელიც სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც „ტყვიის კონსტრუქცია“ ან „მტკიცე კედელი“. ყურანის კონტექსტში, ეს ფრაზა გამოიყენება ისლამის მიმდევრების ერთიანობისა და სიძლიერის აღსაწერად.
პაკისტანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო PTV-ის ცნობით, „ინდური აგრესიის წინააღმდეგ კონტრშეტევა“ დაიწყო. „ალ ჯაზირას“ ცნობით, თავდასხმა ინდოეთში „მრავალი სამიზნის“ წინააღმდეგ ხორციელდება და პაკისტანმა ის შაბათს, დილის ლოცვისთანავე დაიწყო.
Geo TV-ის ცნობით, ოპერაცია ინდოეთის მასშტაბით მრავალ სტრატეგიულ ობიექტს დაუმიზნებს, პირველი ფაზის ფარგლებში კი პენჯაბის შტატის ქალაქ ბისაში მდებარე „ბრაჰმოსის“ რაკეტების საცავის განადგურება და უდამპურისა და პათანკოტის ინდოეთის საჰაერო ბაზების დაზიანება იგეგმება.
ინდოეთის ჯამუსა და ქაშმირის ტერიტორიაზე, რაჯურიში, უდამპურსა და სრინაგარში აფეთქებების სერიებია – იუწყება „Times of India“. ელექტროენერგიის გაითიშა ჯამუში.
ინდოეთის შტატ ჰარიანაში შორი მოქმედების რაკეტა „ფატაჰ II“ ჩამოაგდეს, რომელიც ინდოეთის დედაქალაქის, ნიუ დელისკენ მიემართებოდა, – იუწყება News18. სროლის ხმა ისმის პაკისტან-ინდოეთის საზღვარზე.
პაკისტანის საჰაერო სივრცე ყველა ფრენისთვის დაკეტილია. ინდოეთის ხელისუფლებამ 32 აეროპორტში ოპერირება 15 მაისის დილამდე დროებით შეაჩერა.
„დიდი შვიდეულის“ წევრებმა ინდოეთსა და პაკისტანს მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოუწოდა და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ „შემდგომი სამხედრო ესკალაცია სერიოზულ საფრთხეს უქმნის რეგიონულ სტაბილურობას“.
„მოვიწოდებთ დაუყოვნებლივ დეესკალაციისკენ და მოვუწოდებთ ორივე ქვეყანას, ჩაერთონ პირდაპირ დიალოგში მშვიდობიანი შედეგის მისაღწევად. ჩვენ ვაგრძელებთ მოვლენების ყურადღებით მონიტორინგს და გამოვხატავთ მხარდაჭერას სწრაფი და მდგრადი დიპლომატიური გადაწყვეტის მიმართ“, – ნათქვამია განცხადებაში.
9 მაისის საღამოს, აფეთქებების ხმა ჩრდილოეთ ინდოეთში გაისმა. შემდეგ ინდოეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა პაკისტანის სამ საჰაერო ბაზაზე – ნურ ხანზე, მურიდსა და შორკოტზე.
