საქართველოში ფეროშენადნობების უმსხვილეს მწარმოებელ კომპანიაში – შპს “ჯორჯიან მანგანეზში” სპეციალური სახელმწიფო მართვის რეჟიმი უკვე მესამედ, ამჯერად 4 წლით, 2029 წლის 11 აპრილამდე გახანგრძლივდა. კომპანიის სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი 8 მაისს განახლდა.
როგორც 5 მაისის სასამართლო სხდომის შესაბამის განჩინებაში წერია, თბილისის საქალაქო სასამართლოს ვადის გახანგრძლივების შუამდგომლობით “ჯორჯიან მანგანეზის” სპეციალურმა მმართველმა, ბესიკ კირთაძემ მიმართა.
აღსანიშნავია, რომ კომპანიაში სპეციალური სახელმწიფო მართვის რეჟიმი 2017 წლის 11 მაისიდან მოქმედებს. თავდაპირველად რეჟიმი სამი წლით განისაზღვრა, თუმცა მას შემდეგ რამდენჯერმე გახანგრძლივდა – პირველად 2023 წლის 9 მაისის ჩათვლით, ხოლო შემდგომ 2025 წლის 11 მაისამდე.
შუამდგომლობაში აღნიშნულია, რომ გამოწვევა, რომელმაც ორჯერ განაპირობა მართვის რეჟიმის გაგრძელება, კვლავ აქტუალურია. კერძოდ, საუბარია გერმანული ქარხნის ე.წ. „ოლმინერალსის“ საკითხზე, რომლის მშენებლობითაც უნდა მოგვარებულიყო სრულად ყველა გარემოსდაცვითი პრობლემა მანგანუმის მადნის გამდიდრების ნაწილში, იმ თვალსაზრისით, რომ ძველი ქარხნები უნდა დახურულიყო და დაბინძურების წყაროები მინიმუმამდე შემცირებულიყო, ამავდროულად, არსებითად უნდა გაეუმჯობესებინა გამდიდრების ტექნოლოგიური და ეკონომიკური მაჩვენებლები.
შუამდგომლობაში ასევე აღნიშნულია, რომ კვლევის თანახმად, დღეს ჭიათურაში მანგანუმის მარაგები საერთოდ არ არსებობს.
„მიუხედავად იმისა, რომ გეგმით გაწერილი ვალდებულება ქარხნის მშენებლობა/ექსპლუატაციაში გაშვების ნაწილში შესრულდა, მან ვერ უზრუნველყო დასახული მიზნების მიღწევა (ვერც გარემოსდაცვითი და ტექნიკურ/ეკონომიკური კუთხით), რაც თავის მხრივ გამოწვეული იყო პროექტირების ეტაპზე, სპეციალური მართვის რეჟიმის დადგენამდე, კომპანიის წინა მენეჯმენტის მიერ კომპანიის ინტერესების საწინააღმდეგო დამაზიანებელი ქმედებებით.
სამწუხაროდ აღნიშნული გამოწვევა დღესაც მწვავედ დგას დღის წესრიგში. პროექტირების ხარვეზებზე აშკარად მიუთითა ასევე სპეციალური მმართველის ბოლო სამოქმედო გეგმის შესაბამისად ჩატარებულმა კვლევამაც, კერძოდ მარაგების გადათვლამ. კვლევა ჩატარდა მაღალი რეპუტაციის მქონე გერმანული კომპანია DMT GmbH & Co. KG-ის მიერ, რომლის დასკვნის (შემდგომში – DMT-ის დასკვნა) მიხედვითაც, დღეს ჭიათურაში მანგანუმის მარაგები საერთოდ არ არსებობს, რადგანაც მიუხედავად იმისა, რომ გეოლოგიური მონაცემებით საბადოში მანგანუმის მარაგები საკმაოდ დიდი მოცულობისაა, მის მოპოვებას არ აქვს ეკონომიკური მიზანშეწონილობა“, – ნათქვამია შუამდგომლობაში.
როგორც სპეციალური მმართველი აღნიშნავს, თუკი საბადოს ეკონომიკური მაჩვენებლები ისევ წამგებიანი დარჩება, ეს ნიშნავს, რომ მარაგები ვერ დადგინებდება, რაც მანგანუმის მოპოვების ლიცენზიის გაუქმებას გამოიწვევს. შუამდგომლობას თან ერთვის არსებული სიტუაციიდან გამოსავლისა და სალიცენზიო/სანებართვო პირობების შესრულებისთვის ახალი სამოქმედო გეგმა.
განახლებული, 5-პუნქტიანი სამოქმედო გეგმით გაწერილი ნაბიჯები ასეთია:
1. სამუშაო რეჟიმში საერთაშორისო ტენდერის გამოცხადება ორ საკითხზე (ტენდერის გამოცხადება და კონტრაქტორის შერჩევა 3 თვეში):
- საბადოს მიწისქვეშა მოპოვების ყველაზე ოპტიმალური მართვის მოდელის მომზადება, რომელიც მოიცავს:
- საბადოს მიწისქვეშა მოპოვების ნაწილის შეფასებას გეოლოგიურ/ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით;
- მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით კონკრეტულ მოპოვების უბნებზე მადნის მოპოვებითი სამუშაოების ინდივიდუალური პროექტირება, მოპოვების ყველაზე თანამედროვე, ოპტიმალური ტექნოლოგიების, შრომის ორგანიზებისა და საშტატო- სტრუქტურული ერთეულების განსაზღვრა;
- მოპოვებული მადნის გადარჩევა/წინასწარი დამუშავება მეორე პუნქტით გათვალისწინებული გამდიდრების პროცესის მაქსიმალური ეფექტის მიღწევის მიზნით.
- პირველ საკითხზე მიღებული მონაცემებზე დაყრდნობით ყველაზე ოპტიმალური გამდიდრების მოდელის განსაზღვრა, რომელიც მოიცავს:
- არსებული გამდიდრების ინფრასტრუქტურის ტექნოლოგიური შეფასება.
- მადნის ტიპების, სისქისა და შემცველობის ვარიაციების მიხედვით გამდიდრების ტექნოლოგიის მოდერნიზება გამდიდრების მაქსიმალური მაჩვენებლების მიღების მიზნით.
- ლოგისტიკურ/ტექნოლოგიური სქემის ოპტიმიზაცია.
- მოდერნიზების ტექნიკური და სანებართვო საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება შლამების მართვა/დასაწყობების საკითხის ჩათვლით.
2. პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოდერნიზებისთვის საჭირო ნებართვების მიღება/გარემოსდაცვითი შეფასების პროცედურის გავლა არაუგვიანეს 2027 წლის 1 სექტემბრისა.
3. პირველი პუნქტის შესაბამისად მომზადებული პროექტით გათვალისწინებული ტექნიკური/სამშენებლო სამუშაოების დასრულება – მშენებლობის ნებართვის და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებიდან 12 თვეში.
4. მარაგების გადათვლა, მოდერნიზებული ინფრასტრუქტურის ფაქტობრივ საწარმოო მაჩვენებლებზე დაყრდნობით და მისი დამტკიცება მარაგების უწყებათშორის კომისიაზე – არაუგვიანეს 2029 წლის 11 აპრილისა.
5. რეკულტივაზიას დაქვემდებარებულ ფართობებზე განხორციელდება სარეკულტივაციო სამუშაოები წელიწადში არანაკლებ 100 ჰექტარის ოდენობით მათ სრულ ამოწურვამდე – მუდმივ რეჟიმში.
სასამართლოზე სპეციალური მმართველის შუამდგომლობას დაეთანხმნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ასევე ეკონომიკის სამინისტროების წარმომადგენლები, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო და სსიპ მინერალური რესურსების სააგენტო.
“ჯორჯიან მანგანეზი” საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი სამთო-მომპოვებელი და ფეროშენადნობების მწარმოებელია. კომპანია რამდენიმე ძირითად ობიექტს აერთიანებს, მათ შორისაა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა, რომელიც კომპანიის საბოლოო პროდუქტებს, ფერომანგანუმს აწარმოებს. ჯგუფის შემადგენლობაში შედის ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატი და ვარციხეჰესი, რომლის მიერ გამომუშავებული ენერგიითაც პროდუქციის მოპოვება და წარმოება ხდება.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის მარტიდან “ჯორჯიან მანგანეზს” ჭიათურაში მიწისქვეშა მოპოვება შეჩერებული აქვს და განახლების მიზნით კომპანიამ რეორგანიზაცია გამოაცხადა. პარალელურად გრძელდება მაღაროელების აქცია, რომლებიც საწარმოს ნაციონალიზაციას და ჭიათურის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ფონდის შექმნას ითხოვენ.