ჩინეთის ერთ-ერთ ქარხანაში ჰუმანოიდი რობოტი მწყობრიდან გამოვიდა — ის ადამიანებს დაესხა თავს.
როგორც ცნობილია, რობოტი ჯერ კიდევ სატესტო რეჟიმში მუშაობდა. სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ ორი ინჟინერი ამ მანქანის მოძრაობებს აკვირდებოდა. მოულოდნელად კი, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, რობოტმა კიდურების გამალებით ქნევა დაიწყო. კადრები ფილმი “რობოკოპის” საშიშ სცენას მოგაგონებთ. საბოლოოდ კი ერთ-ერთმა ინჟინერმა ავტომატის საწყის მდგომარეობაში დაბრუნება მოახერხა.
Footage claimed to show a Unitree H1 (Full-Size Universal Humanoid Robot) going berserk, nearly injuring two workers, after a coding error last week at a testing facility in China. pic.twitter.com/lBcw4tPEpb— OSINTdefender (@sentdefender) May 4, 2025
რობოტი კლასიფიცირებულია, როგორც “Unitree H1” (სრული ზომის უნივერსალური ჰუმანოიდი რობოტი). იგი ჩინეთის ერთ-ერთ სატესტო ქარხანაშია. როგორც გამოცემა “The Times of India” იუწყება, მოდელის აგრესიული შეტევა კოდის დაწერის დროს დაშვებული შეცდომის ბრალი უნდა იყოს. რობოტის ფასი 650 000 იუანია (247 802 ლარი).
Unitree Robotics ჩინური კომპანიაა, რომელიც ჰუმანოიდ რობოტებს უკვე დიდი ხანია აწარმოებს. გასულ წელს კომპანიის მიერ შექმნილი რობოტი, სახელად H1 V3.0 Evolution, გინესის რეკორდებში მოხვდა, როგორც ყველაზე სწრაფი სრული ზომის ჰუმანოიდი რობოტი — მან ბრტყელ ზედაპირზე 3,3 მ/წმ სიჩქარით გაიარა.
ეს ინციდენტი კომპლექსური მანქანების უსაფრთხოებისა და სანდოობის პროტოკოლების შესახებ სერიოზულ შეკითხვებს აჩენს. ვიდეო სოციალურ ქსელებში უსწრაფესად გავრცელდა — რეაქციათა უმრავლესობა შიშსა და პანიკას გამოხატავს. ბევრი ადამიანი ამ კადრებს “ტერმინატორის” სცენებს ადარებს და შიშობს, რომ რობოტები მალე მსოფლიოს დაიპყრობენ.
აღსანიშნავია ისიც, რომ ეს იზოლირებული შემთხვევა არ არის. მსგავსი ინციდენტი ჩინეთში გამართულ ფესტივალზეც დაფიქსირდა.
ასევე იხილეთ: რობოტის “აგრესიული” ქცევის კადრები ვირუსულად გავრცელდა — თავდასხმა თუ შეცდომა?
იმისდა მიუხედავად, რომ ხელოვნური ინტელექტი ადამიანების ცხოვრებას მნიშვნელოვნად ამარტივებს, ასეთი ინციდენტები სკეპტიკოსების ვარაუდს ამყარებს იმის შესახებ, რომ მსგავსმა განვითარებამ ყველაზე უარეს შემთხვევაში შეიძლება დისტოპიურ შედეგებამდე მიგვიყვანოს.
