პაკისტანის სამხედრო ძალების ცნობით, ხუთშაბათს ინდოეთი პაკისტანს უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხა თავს და ოთხი ჯარისკაცი დაჭრა. ინდოეთმა, თავის მხრივ, მეზობელი ქვეყანა დაადანაშაულა თავდასხმის მცდელობაში. ბირთვული იარაღის მქონე მეტოქეებს შორის დაძაბულობა სულ უფრო იზრდება.
ინდოეთმა აღიარა, რომ პაკისტანს თავს დაესხა და განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემა ამოიღო მიზანში და ამით „გაანეიტრალა“ პაკისტანის მცდელობები, განეხორციელებინა თავდასხმა. ისლამაბადმა თქვა, რომ რამდენიმე დრონი ჩამოაგდო.
ორი მხარის მიერ მოწოდებული ცნობების დამოუკიდებლად გადამოწმება ამჟამად შეუძლებელია.
ინდოეთსა და პაკისტანს შორის ურთიერთობა მკვეთრად გამწვავდა მას შემდეგ, რაც 22 აპრილს ინდოეთის მიერ კონტროლირებულ ქაშმირში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა ინდოელ ტურისტებზე. პასუხისმგებლობა იკისრა ისლამისტურმა სეპარატისტულმა დაჯგუფებამ. ინდოეთის ხელისუფლებამ ეს თავდასხმა ტერორისტულ აქტად შეაფასა. თავდასხმის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა. ითქვა, რომ თავდამსხმელთა შორის ორ ადამიანს პაკისტანის მოქალაქეობა აქვს.
7 მაისის ღამით, ინდოეთმა პაკისტანის წინააღმდეგ ოპერაცია დაიწყო სახელწოდებით “სინდორი”.
ინდოეთის ცნობით, ოთხშაბათ დილიდან პაკისტანის მიერ განხორციელებული სროლის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ქალი და ხუთი ბავშვი. ქაშმირის იმ ნაწილში, რომელსაც ინდოეთი აკონტროლებს.
პაკისტანის განცხადებით, ინდოეთის ქმედებების შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა და 57 დაშავდა.
ფორუმი
