აშშ-ის საელჩო არასდროს გააკეთებს ასეთ ოფიციალურ განცხადებას ისე, რომ არ ჰქონდეს ძალიან მყარი და გადამოწმებული ინფორმაცია. მე ვფიქრობ, საელჩომ ვერ მიიღო იმ ტიპის პასუხი ჩამოშლილი ეროვნული უსაფრთხოების სისტემიდან, რაც უნდა მიეღო, ამიტომ თავად იმოქმედა პროტოკოლის შესაბამისად,- ასე შეაფასა კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადება დიდ სავაჭრო ცენტრებში შესაძლო აფეთქებების საფრთხესთან დაკავშირებით.
როგორც გეგელია აღნიშნავს, ის ღრმად არის დარწმუნებული, რომ სადაზვერვო ინფორმაცია, რომელიც აშშ-ის საელჩოს ჰქონდა, სიმართლეს შეესაბამება.
“დარწმუნებული ვარ, ამერიკის საელჩო არასდროს გააკეთებს ასეთ ოფიციალურ განცხადებას ისე, რომ არ ჰქონდეს ძალიან მყარი და გადამოწმებული ინფორმაცია. ღრმად ვარ დარწმუნებული, სადაზვერვო ინფორმაცია, რომელიც მათ ჰქონდათ შეესაბამება სიმართლეს, რისკი, შესაძლოა იყო და არის. პროცესი განგრძობადია, ჯერ კიდევ არ ყოფილა შემდგომი შეტყობინება, სადაც აშშ-ს საელჩო იტყოდა, რომ აღარ არსებობს ოპერატიულ დონეზე ეს რისკი. როგორც ჩანს, ამერიკის საელჩომ ვერ მიიღო ადეკვატური პასუხი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან, ჩათვალეს, რომ თავად უწევდათ გაეკეთებინათ რეაგირება იმ ფონზე, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ვერ თუ არ გააკეთა რეაგირება. საელჩომ ვერ მიიღო იმ ტიპის პასუხი ჩამოშლილი ეროვნული უსაფრთხოების სისტემიდან, რაც უნდა მიეღოთ, ამიტომ თავად იმოქმედა პროტოკოლის შესაბამისად“,- აღნიშნა გეგელიამ.
გარდა ამისა, მან „MEGOBARI აქტისა“ და სასანქციო სიის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ MEGOBARI აქტი“ მნიშვნელოვანი მაგალითია იმის, თუ როგორ თანამშრომლობს ორივე პალატა, რათა ქართული დემოკრატია დაიცვას ტირანულ-რუსულ-ჩინური რეჟიმისგან. რაც შეეხება სანქციებს, გეგელიას თქმით, ივანიშვილს აუცილებლად მოუწევს უმძიმესი პოლიტიკური და ფინანსური ფასის გადახდა.
„ვფიქრობ, მაისის ბოლოს ეს პროცესი დაძრული იქნება, პრეზიდენტთან იქნება გაგზავნილი აქტი ხელმოსაწერად. მნიშვნელოვანი მაგალითია იმის, თუ როგორ თანამშრომლობს ორივე პალატა, რათა ქართული დემოკრატია დაიცვას ტირანულ-რუსულ-ჩინური რეჟიმისგან, რომელიც ღია საფრთხეს წარმოადგენს ქართული ეროვნული უსაფრთხოებისთვის, ქართველი ხალხისთვის.
რაც შეეხება სასანქციო სიას, არსებული ვარიანტი არის ძალიან ამბიციური, ვფიქრობ, სია აჩვენებს, რამდენად დეტალურია საქართველოსთან დაკავშირებით ცოდნა. ისინი მარტო პოლიტიკოსებს, ბიზნესს, მოსამართლეებს არ უყურებენ, ყველას ერთად, ჯამურად რეჟიმს უყურებენ. ივანიშვილი სანქციებს ვერსად გაქცევა. მას თუ ეს ადარდებს, უნდა იცოდეს, რომ გარანტირებული აქვს სანქცია.
დავეთანხმები „ქართულ ოცნებას“, იშვიათად მაგრამ გაფუჭებული საათი ზოგჯერ სწორ დროს აჩვენებს, ტრამპს შეეძლო გუშინწინაც დაეწესებინა სანქციები და 2 კვირის წინაც. ტრამპს არ სჭირდება ეს კანონი იმისთვის, რომ ვინმე დაასანქციროს, მაგრამ კანონის არსებობა ანიჭებს სხვა მორალურ და პოლიტიკურ ძალას სანქციების სურვილს. როდესაც სენატი და კონგრესი გიბამს მხარს, როდესაც საპარლამენტო ოჯახი ამბობს, რომ ეს ხალხი არ იქცევა სწორად, საკუთარ ხალხს ძარცვავენ, სულ სხვა კალიბრის არის სანქციები. ივანიშვილს ძლიერი ანალიზი არ გააჩნია, არცერთი მისი გათვლა არ გამართლდა, მათ შორის პროტესტთან დაკავშირებით. მოლოდინი ჰქონდა რომ პროტესტი არ იქნებოდა, არც სანქციები და რას ვხედავთ?! 160 დღეა პროტესტია, 13 სახელმწიფო ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს ღიად, დაწესებულია სანქციები. თუ თვითონ ვერ ხვდება, რომ სანქციები ელის და ამავე დროს ადარდებს, აქედან უფასოდ ვურჩევ, რომ ელის სანქციები. მას აუცილებლად მოუწევს უმძიმესი პოლიტიკური და ფინანსური ფასის გადახდა. ეს ძალიან დიდი დარტყმა იქნება. სანამ ეს მოუწევს, დანიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები“,-აღნიშნა გეგელიამ.
გარდა ამისა მან, ის ფაქტიც შეაფასა, რომ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს. როგორც გეგელია აღნიშნავს, ივანიშვილის ადგილზე, თავისივე გამოზრდილი კობახიძის სერიოზულად შეეშინდებოდა, ვინაიდან კობახიძე საკუთარი თავის ირგვლივ იმყარებს პოზიციებს“.
„შოკისმომგვრელი სიახლე“ იყო რომ კობახიძე გახდა თავმჯდომარე. ვინ წარმოიდგენდა „დემოკრატიის“ ამ მასშტაბს? ამ ერთი ადამიანის ხელშია ძალაუფლება მონოპოლიზებული. ის არის გავლენიანი, მან რეალურად შეცვალა კადრები სათვისოდ, ამით უფრო გაამყარა ინსტიტუციური კონტროლი. საკუთარი თავის ირგვლივ იმყარებს პოზიციებს. ივანიშვილის ადგილზე, სერიოზულად შემეშინდებოდა, მათ შორის თავისივე გამოზრდილი კობახიძის, რომელიც ღიად ასრულებს რუსეთის პოლიტიკურ ნებას. არ გამიკვირდება თუ პირადად არის პასუხისმგებელი რუსეთთან პოლიტიკურ კომუნიკაციაზე“,- აღნიშნა გეგელიამ.
