ბრნაბიჩი: ბელგრადში საპროტესტო აქციების შესახებ რუსულმა სპეცსამსახურებმა გაგვაფრთხილეს

სერბეთის პრემიერმინისტრის, ანა ბრნაბიჩის თქმით, რუსულმა სპეცსამსახურებმა სერბეთის ხელისუფლებას ბელგრადში საპროტესტო აქციების დროს შესაძლო ინციდენტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
ბრნაბიჩის თქმით, ის პირადად დაუკავშირდა დასავლელ დიპლომატებს, რათა ეცნობებინა რუსული სპეცსამსახურების მიერ გადაცემული ინფორმაციის შესახებ, თუმცა, “ეს ცნობა, სავარაუდოდ, სერიოზულად არ აღიქვეს”.
“ჩვენ გვქონდა ინფორმაცია შესაბამისი, რომლებიც ამის შესახებ გვაფრთხილებდნენ. პირველ რიგში, ეს ინფორმაცია ჩვენ ს სპეცსამსახურებმა მოგვაწოდა, თუმცა, [დასავლური ქვეყნების წარმომადგენლებმა] დეზინფორმაციის გავრცელებაში დაგვადანაშაულეს და ეს სისულელედ მიიჩნიეს.
ისინი იცინოდნენ და როგორც პრეზიდენტმა ვუჩიჩმა თქვა, ზოგმა ეს სერიოზულად აღიქვა, ზოგს დახმარება სურდა, ბევრმა კი ეს იცოდა და დახმარება არ სურდა”. – თქვა ბრნაბიჩმა.
ამავდროულად, სერბეთის პრემიერმა ბელგრადში განვითარებული მოვლენები უკრაინის ღირსების რევოლუციას შეადარა და აღნიშნა, რომ სერბეთში “ახალი მაიდანი არ იქნება”.
გარდა ამისა, ბრნაბიჩმა ოპოზიციური კოალიცია სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ “სახელმწიფოს ძალადობრივი დესტაბილიზაციის” მცდელობაში დაადანაშაულა.
24 დეკემბერს ბელგრადში საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ოპოზიციონერი დემონსტრანტების თქმით, არჩევნები უსამართლოდ ჩატარდა და მისი შედეგები არალეგიტიმურია. აქციის მონაწილეებმა ბელგრადის მერიის შენობაში შეჭრა სცადეს, ხოლო შენობაში გამოკეტილმა პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
1 ნოემბერს ვუჩიჩმა პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. წინა არჩევნები სერბეთში 2022 წელს ჩატარდა. 17 დეკემბერს მმართველი პარტიის, სერბეთის პროგრესული პარტიის (SNS) გამარჯვება გამოცხადდა. არჩევნების შედეგების მიხედვით, SNS-მა ხმების 46.62% მიიღო, ხოლო მთავარი ოპოზიციური პარტია, სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ ხმების 23.56%-ით მეორე ადგილზე გავიდა.