მილანში, „აზიის განვითარების ბანკის“ (ADB) რიგით 58-ე ყოველწლიური შეხვედრა დასრულდა.
შეხვედრები 4-7 მაისის პერიოდში მიმდინარეობდა და მას 5000-ზე მეტი დელეგატი ესწრებოდა. წელს ADB-ის წევრი ქვეყნების, ასევე, კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები განიხილავდნენ თემას: „გამოცდილების გაზიარება, ხვალინდელი დღის შენება”.
5 მაისს მილანში ბანკის მმართველთა საბჭოს სესია გაიხსნა, მოგვიანებით წევრი სახელმწიფოების ოფიციალური პირების ბიზნესს სესია გაიმართა.
შეხვედრის მიმდინარეობისას სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრები სიტყვით გამოვიდნენ და ისაუბრეს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში არსებულ გამოწვევებზე.
სიტყვით გამომსვლელები ძირითადად ყურადღებას ამახვილებდნენ, გეოპოლიტიკურ „გაურკვევლობასა“ და იმაზე, თუ რა გავლენა ექნება გლობალურად მსგავს გარემოს აზიის და წყნარი რეგიონის ეკონომიკებზე.
ბიზნეს სესიაზე საქართველოს სახელით სიტყვით გამოვიდა ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, რომელსაც თან ახლდა მისი მოადგილე, ეკატერინე გუნცაძე. ხუციშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეკონომიკურ ზრდასა და გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე საქართველოს ეკონომიკის მედეგობაზე.
გარდა ამისა, შეხვედრების ფარგლებში წელს აქცენტი კეთდებოდა 4 ძირითად საკითხზე, მათ შორის: სასურსათო უსაფრთხოება, ტექნოლოგიურ გარდაქმნა, ენერგო სისტემის მდგრადობა და კლიმატური ცვლილებების ზეგავლენა. მხარეებმა განიხილეს ამ მიმართულებებით წევრ სახელმწიფოებში არსებული გამოწვევები, მიმოიხილეს მიმდინარე და სამომავლო პროექტები, და ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება, სამომავლოდ ამ ოთხ სფეროში წევრი სახელმწიფოების ინკლუზიური განვითარებისა და მედეგობის უზრუნველსაყოფად.
შეხვედრების მიმდინარეობისას ცნობილი გახდა, რომ მომავალ – 2026 წელს „აზიის განვითარების ბანკის“ რიგით 59-ე ყოველწლიურ შეხვედრას უზბეკეთი, სამარყანდი უმასპინძლებს. შეხვედრები 2026 წლის 3-6 მაისის პერიოდშია დაგეგმილი.
58-ე წლიური შეხვედრის დასასრულს მომავალი შეხვედრის მასპინძელი ქვეყნის, უზბეკეთის კულტურული ღონისძიება გაიმართა, რითაც ოფიციალურად დასრულებულად გამოცხადდა წლიური შეხვედრა.
ADB-ის 58-ე წლიური შეხვედრების მიმდინარეობისას მილანში იმყოფება „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი და შეხვედრებთან დაკავშირებული საკვანძო საკითხების შესახებ ინფორმაციას გაწვდიდათ.
