ახლახან შესრულდა 13 წელი „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან. ეს იყო საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, მშვიდობიანი განვითარებისთვის, კეთილდღეობისთვის, ქართველი ხალხის ღირსების დაცვისთვის უთანასწორო, მაგრამ მართალი და წარმატებული ბრძოლის 13 წელიწადი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ, პრემიერმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ყრილობაზე განაცხადა.
მან „ქართული ოცნების“ ყოფილ თავმჯდომარეს, ირაკლი ღარიბაშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარეობა არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ამასთან ერთად, ეს არის ბუნებრივია, ძალიან დიდი პატივი. ამისთვის, მხარდაჭერისთვის, გამოცხადებული ნდობისთვის, თითოეულ თქვენგანს მინდა მადლობა გადაგიხადოთ.
მინდა მადლობა გადავუხადო ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც ბოლო 1.5 წლის განმავლობაში თავმჯდომარეობდა პარტიას და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გასულ წელს ჩვენი პარტიის საარჩევნო წარმატებაში. ასევე, მადლობა მინდა მას გადავუხადო ყველა იმ დამსახურებისთვის, რომელიც ქვეყნისა და პოლიტიკური გუნდის წინაშე უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობებზე მრავალწლიანი მოღვაწეობისას მიუძღვის.
ახლახან შესრულდა 13 წელი „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან. ეს იყო საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, მშვიდობიანი განვითარებისთვის, კეთილდღეობისთვის, ქართველი ხალხის ღირსების დაცვისთვის უთანასწორო, მაგრამ მართალი და წარმატებული ბრძოლის 13 წელიწადი. ამ ბრძოლას საფუძველი ჩაუყარა ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა. თავს უფლებას მივცემ და თითოეული თქვენგანის სახელით მას გადავუხდი უდიდეს მადლობას ქართული საქმის კეთებისთვის, მადლობა სამშობლოსთვის თავდადებისთვის, მადლობა უდიდესი სიბრძნით, შორსმჭვრეტელობითა და მოთმინებით ქართული საქმის კეთებისთვის, საქართველოში ავტორიტარიზმის დასრულებისა და ქვეყანაში დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ადამიანის უფლებების განმტკიცებისთვის
ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რომ დღეს საქართველოს ჰყავს პირველი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებშიც, ჩვენს ქვეყანას ომი არ ჰქონია და ჩვენ გვქონდა უწყვეტი 13-წლიანი მშვიდობა.
ჩვენი ქვეყანა ინარჩუნებს მშვიდობას, სტაბილურობასა და ეკონომიკური განავითარების სწრაფ ტემპს და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დღეს ჩვენი პატარა, მაგრამ ამაყი ქვეყანა არის დამოუკიდბელი და სუვერენული როგორც არასდროს. კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა თქვენ ამ ყველაფრისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.
