რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების შემდეგ ახალი პაპის არჩევის პროცესის დასაწყებად ვატიკანში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან 133 კარდინალი შეიკრიბა.
კარდინალები წმინდა პეტრეს ბაზილიკაში წმინდა წირვას დაესწრებიან, რის შემდეგაც ხმის მიცემის პროცედურისთვის სიქსტის კაპელამდე მსვლელობას მოაწყობენ.
არჩევნები სიქსტის კაპელაში მკაცრად გასაიდუმლოებულად ტარდება. ხმის მიცემის პერიოდში კარდინალები გარე სამყაროსგან მოწყვეტილები არიან – არ აქვთ ტელეფონები, ინტერნეტსა და გაზეთებზე წვდომა. ისინი იძინებენ და მიირთმევენ ვატიკანის კომპლექსში მდებარე ხუთსართულიან სასტუმრ „კასა სანტა მარტაში“. თითოეული კარდინალი ხმას აძლევს იმ კანდიდატს, რომელიც სურს, პაპი გახდეს. მათ ხმის მიცემა საკუთარი თავისთვისაც შეუძლიათ.
133-ვე კარდინალი დადებს როგორც კოლექტიურ, ასევე ინდივიდუალურ ფიცს, რითაც პირობას დადებენ, რომ პაპის არჩევნების საიდუმლოებას სამუდამოდ დაიცავენ.
ამის შემდეგ სამლოცველოს კარი გარეშე პირებისთვის დაიხურება და კარდინალებს ხმის მიცემის საშუალება მიეცემათ. დაიწყება მოლოდინის რეჟიმი: თუ სამლოცველოს საკვამურიდან თეთრი კვამლი ამოვა, ეს ნიშნავს, რომ ახალი პაპი არჩეულია და ის საზოგადოების წინაშე საჯაროდ წარდგება წმინდა პეტრეს ბაზილიკის აივნიდან. თუ კვამლი შავი იქნება, ეს ნიშნავს, რომ ხმების ორი მესამედი ვერც ერთმა კარდინალმა ვერ მოიპოვა და ხმის მიცემის პროცესი ხვალ განახლდება.
მედიის ინფორმაციით, ახალი პაპი, შესაძლოა, დღესვე აირჩიონ, ან არჩევის პროცესს დღეები ან კვირებიც კი დასჭირდეს.
შეგახსენებთ, რომის პაპი ფრანცისკე 21 აპრილს გარდაიცვალა.
