ინდოეთის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ 6 მაისის საღამოს სარაკეტო იერიში განახორციელეს პაკისტანსა და მის კონტროლქვეშ მყოფ ქაშმირის ნაწილში არსებული “ტერორისტული ინფრასტრუქტურის” წინააღმდეგ.
განცხადების მიხედვით, ინდოეთის მიერ დაწყებული ოპერაცია “სინდურის” ფარგლებში, მთლიანობაში დაზიანდა ცხრა პაკისტანური ობიექტი.
„ინდოეთის შეიარაღებულმა ძალებმა წერტილოვანი დარტყმები მიაყენეს ტერორისტების ბანაკებს. არცერთი პაკისტანური სამხედრო ობიექტი არ იყო შეტევის სამიზნე“, – ამტკიცებს დელი.
პაკისტანის სამხედრო წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ინდოეთი რაკეტებით დაესხა თავს მის ქვეყანას. ირწმუნებიან, რომ თავდასხმის სამიზნე გახდა კოტლი, მუზაფარაბადი და ბაჰავალპური.
ოფიციალურმა ისლამაბადმა განაცხადა, რომ “ინდოეთს პასუხს ღირსეულად გასცემს იმ დროსა და იმ ადგილას, რომელსაც თავად აირჩევს”.
ამავდროულად, პაკისტანის მედია უკვე იუწყება ინდოეთის ავიაბაზაზე საპასუხო სარაკეტო დარტყმაზე ქალაქ სრინაგარში.
Reuters-ის ცნობით, პაკისტანის მიერ კონტროლირებულ ქაშმირში აფეთქებები მოხდა, ამის შესახებ თვითმხილველებმა განაცხადეს. სააგენტოს თანამოსაუბრეთა თქმით, ქალაქ მუზაფარაბადში აფეთქებების შემდეგ ელექტრომომარაგება შეწყდა.
ინდოეთსა და პაკისტანს შორის ურთიერთობა მკვეთრად გამწვავდა მას შემდეგ, რაც 22 აპრილს ინდოეთის მიერ კონტროლირებულ ქაშმირში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა ინდოელ ტურისტებზე. პასუხისმგებლობა იკისრა ისლამისტურმა სეპარატისტულმა დაჯგუფებამ. ინდოეთის ხელისუფლებამ ეს თავდასხმა ტერორისტულ აქტად შეაფასა. თავდასხმის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა. ითქვა, რომ თავდამსხმელთა შორის ორ ადამიანს პაკისტანის მოქალაქეობა აქვს.
ფორუმი