ბათუმის გენერალური გეგმის კონცეფცია მიმდინარე დღეებში უნდა დამტკიცდეს – დოკუმენტი “სითი ინსტიტუტმა” მოამზადა და ქალაქის განვითარების გონივრულ სცენარებს გვთავაზობს. პროექტზე მუშაობა 2021 წელს დაიწყო და 1.5 წელში უნდა დასრულებულიყო, თუმცა გაჭიანურდა.
სითი ინსტიტუტის პროექტის კოორდინატორი და ურბანისტი ანდრო ქორთუა ამბობს, რომ კონცეფცია ერთი წელია უკვე მზად არის, თუმცა სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით, მისი დამტკიცება ამ დრომდე ვერ მოხდა.
მისი შეფასებით, კონცეფციის მიღების შემდეგ დაიწყება უშუალოდ საბოლოო პროექტის შემუშავება, რომელიც დაადგენს იმ წესებსა და პირობებს, რომელიც ქალაქში განაშენიანების პროცესში უნდა იყოს გათვალისწინებული. მისი თქმით, ამ მოცემულობით ქალაქის გენგეგმის დოკუმენტზე მუშაობა 2025 წლის შემოდგომაზე უნდა დასრულდეს.
“ამ კონცეფციის ეტაპს მრავალ ფაქტორული განხილვა მოუწია, მუნიციპალიტეტშიც იყო ადმინისტრაციული ცვლილებები და პროცესზე დაწევა გარკვეულ შრომას მოითხოვდა. ამჟამად დამტკიცების პროცესში არის კონცეფცია და ამ ეტაპის შემდეგ საბოლოო ფაზაში გადავდივართ, რომელიც უშუალოდ პროექტის დამუშავებას გულისხმობს. კონცეპტუალური ხედვის საფუძველზე საბოლოოდ შეკრული რეგლამენტი უნდა შემუშავდეს, რითაც ხალხმა უნდა იხელმძღვანელოს იურიდიულ ფარგლებში და მიყვება თემატური, გრაფიკული ნაწილი, რომ სრული კომპლექტით იყო წარმოდგენილი კონცეფცია.
ყველაზე ოპტიმისტურ სცენარში შემოდგომაზე უნდა იყოს დოკუმენტი მზად. ამ სცენარის ოპტიმიზმს განსაზღვრავს რეალურად ზგშ-ს ანგარიში, რომელიც თავიდან ბოლომდე მიმართული არის გარემოს დაცვის სამინისტროზე და მის სამსახურებზე, რომლებსაც აქვთ რეგლამენტი განსაზღვრული, რომლის ფარგლებშიც უნდა განიხილონ საბოლოო პროექტი. ფაქტობრივად ამ ვადებზე არის დამოკიდებული, რამდენად მალე მოხდება დოკუმენტის დამტკიცება,” – ამბობს “სითი ინსტიტუტის” პროექტის კოორდინატორი და ურბანისტი ანდრო ქორთუა.
დოკუმენტი აერთიანებს ბათუმის, როგორც ზღვაში არეკლილი ქალაქის განვითარების შესაძლო სცენარებს, ამოცანებს და გადაწყვეტებს. ქ. ბათუმის სივრცის დაგეგმვისა და გენერალური გეგმის კონცეფცია 4 ძირითადი კონცეპტუალური მიმართულებისგან შედგება, ისეთების როგორებიცაა თანაბრად განვითარებული, მულტიფუნქციური, მწვანე და მედეგი, უსაფრთხო ქალაქი.
