გიორგი რუხაძე – „MEGOBARI აქტის“ სანქციები მძიმე დარტყმა იქნება რეჟიმისთვის, გომელაური რომ ავიღოთ, წარმოიდგინეთ, ტორტის ყიდვაც კი შეიძლება გაუჭირდეს – „ოცნების“ წარმომადგენლებს მივმართავ, „გომელაურები“ გახდებიან

შავი ღრუბლები „ქართული ოცნების“ თავზე იკრიბებიან – -ის მხრიდან სანქციების სახით, ბევრად უფრო დიდი წნეხი იქნება ივანიშვილის რეჟიმზე, ეს იქნება მასიური და შესაბამისად, ბევრად უფრო მძიმედ გადასატანი „ქართული ოცნებისთვის“, – ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ „MEGOBARI აქტის“ მხარდაჭერას გამოეხმაურა.
როგორც რუხაძემ აღნიშნა, „MEGOBARI აქტი“ მძიმე დარტყმა იქნება „ოცნების“ რეჟიმისთვის, ხოლო გამარჯვება საქართველოს დემოკრატიული ძალებისთვის და პროტესტისთვის რუსთაველზე“.
„ნამდვილად ვხედავ შავ ღრუბელს. ეს ღრუბლები „ქართული ოცნების“ თავზე იკრიბებიან. სწორია შეფასებები, რომ შეერთებულ შტატების მხრიდან სანქციების სახით ბევრად უფრო დიდი წნეხი იქნება ივანიშვილის რეჟიმზე. სანქციები მასიური და სანქციების პოლიტიკა ინსტიტუციური გახდება. ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც „MEGOBARI აქტი“ საბოლოო სახეს მიიღებს, როდესაც სენატიც მიიღებს, როდესაც შეჯერდება საერთო ვარიანტი და შემდეგ, ტრამპი მოაწერს ხელს, ის უკვე გახდება კანონი. ამის შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციასაც და სახელმწიფო დეპარტამენტსაც უჩნდება ვალდებულება, გარკვეული პერიოდულობით შეამოწმოს ქართული რეალობა. პირველი, რა ხდება დემოკრატიის ძირის გამოთხრის მიმართულებით და შესაბამისად, ის ადამიანები დაასანქციროს. მეორე, რა ხდება რუსეთთან, ჩინეთთან, ირანთან და ასევე, მათი გავლენების ზრდის კონტექსტში რა ხდება. თუ ვინმე ამ პროცესს რაიმე ფორმით ეხმარება, ის ადამიანები დაასანქცირონ. ძალიან მარტივი გასაგებია, ვინ უშლის ხელს დემოკრატიას საქართველოში – ივანიშვილის რეჟიმი. შესაბამისად, დიდი გამოსაძიებელი არაფერი იქნება. მეორე მხრივ, ივანიშვილის რეჟიმი რომ სა და კრემლის ქართული განყოფილებაა, ყველასთვის უცხადესია. ვინ მეგობრობს ჩინეთთან და ირანთან, ესეც გასაგებია. საბოლოოდ, ეს მძიმე დარტყმა იქნება „ოცნების“ რეჟიმისთვის, ეს იქნება გამარჯვება საქართველოს დემოკრატიული ძალებისთვის და პროტესტისთვის რუსთაველზე. დანარჩენი, „ქართული ოცნების“ მოლაპარაკე თავების განცხადებებიდანაც ჩანს, რომ ისინი ამ ყველაფერს საკმაოდ მტკივნეულად აღიქვამენ.
ამ შემთხვევაში [სანქციების] მასშტაბი იქნება განსხვავებული. სანქციები შეეხება „ქართული ოცნების“ ბევრ „მაღალჩინოსანს“ – ჩემი გადმოსახედიდან, ისინი დაბალჩინოსნები არიან. ამასთან, შეეხება მათი ოჯახის წევრებს. ეს იქნება ფინანსური სანქციები. გომელაური რომ ავიღოთ, წარმოიდგინეთ, მას ბანკებში ანგარიშები აღარ აქვს, ბიზნესს ვეღარ აწარმოებს, ტორტის ყიდვაც კი შეიძლება გაუჭირდეს, რადგან გამოდის, რომ ეს არის სანქცირებულ ადამიანთან თანამშრომლობა. მისგან მუმიაა დარჩენილი. ბოლოს როდის ნახეთ გომელაური? ეს ადამიანი დაკარგულია. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მივმართავ, დაახლოებით „გომელაურები“ გახდებიან, იმ განსხვავებით, რომ ბევრად უფრო უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, ისინიც და მათი ოჯახის წევრებიც. ღარიბაშვილს ჰგონია, რომ გაასწრო და ამას არ შეეხება ეს ყველაფერი – მასაც შეეხება. ეს იქნება მასიური და შესაბამისად, ბევრად უფრო მძიმედ გადასატანი „ქართული ოცნებისთვის“. ეს იქნება ცხოვრების გაჩერება ამ ადამიანებისათვის“,- განაცხადა რუხაძემ.
ამასთან, როგორც რუხაძემ ამავე თემაზე საუბრისას აღნიშნა, „არ უნდა ვიფიქროთ, რომ ცალკე აღებული სანქციები რეჟიმს შეცვლის“.
„არამც და არამც არ უნდა ვიფიქროთ, რომ ცალკე აღებული სანქციები, რა გინდ მწვავე და მასშტაბურიც არ უნდა იყოს, თავისთავად საკმარისი იქნება იმისათვის, რომ რეჟიმმა უკან დაიხიოს. ჩვენ გვაქვს უამრავი მაგალითი, რომ ავტორიტარული რეჟიმები სანქციების შედეგად უკან არ იხევენ. ამის მაგალითია, რუსეთი, ბელარუსი, ვენესუელა და კიდევ სხვა. სანქციები მხოლოდ დამხმარე მექანიზმია იმისათვის, რომ საზოგადოებამ უფრო აქტიურად გააგრძელოს ბრძოლა რეჟიმის წინააღმდეგ და რეჟიმი უფრო მძიმე წნეხში იყოს. ცალკე აღებული სანქციები რეჟიმს ვერ შეცვლის“,- აღნიშნა რუხაძემ.
ამასთან, რუხაძე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას, რომ „თუ საჭირო იქნება, გამოაქვეყნებენ მტკიცებულებებს, რა ხდებოდა ში ომის დაწყების დღეებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის კაბინეტში, ევროკავშირისა და სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს“. რუხაძის შეფასებით, ეს არის „სისულელე“.
„ეს ყველაფერი ეხება 2022 წელს. იმის მერე 3 წელი გავიდა. თუ ასეთი მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი, როგორც თავად წარმოადგენენ, თუ ასეთ ცუდ რაღაცას უპირებდნენ საქართველოს, მაშინ ვერ გავიგე, აქამდე რატომ არ გამოაქვეყნეს? ნამუსს უნახავენ „დიფ სთეითს“ და „გლობალური ომის პარტიას?“ რა ლოგიკაა ვერ გავიგე. საჭირო როდის გახდება? „MEGOBARI აქტის“ პირველი ნაწილი წარმომადგენელთა პალატაში მიიღეს. უბრალოდ კითხვა მაქვს კალაძესთან – როდის გახდება საჭირო? როდესაც მას პირადად დაასანქცირებენ, ამის შემდეგ გამოაქვეყნებენ ამ ყველაფერს? თუ „MEGOBARI აქტი“ კანონად რომ იქცევა, მაშინ გამოაქვეყნებენ? საჭირო როდოს გახდება? ეს ზოგადი საუბრები, სწორედ იმაზე მიანიშნებს, რომ არანაირი დამადასტურებელი არ აქვთ. „დიფ სთეითი“ და „გლობალური ომის პარტია“ მათი მოგონილი ჩვეულებრივი სისულელეა. სინამდვილეში, ევროკავშირს წარმოადგენს ელჩი, გერმანიას, საფრანგეთს წარმოადგენენ ელჩები. ამ ქვეყნებს მართავენ დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებები. ეს ადამიანები წარმოადგენდნენ ამ ქვეყნების პოზიციებს. რა „დიფ სთეითი“.. მაშინ პირდაპირ თქვან, რომ აშშ-ის ელჩმა ეს გააკეთა ან იმან ეს გააკეთა.
კალაძეს მინდა ვკითხო ერთი რაღაც – „დიფ სთეითი“ რა არის საერთოდ? ვინმემ მითხრას ქართულად რა არის. ძალიან მინდა კალაძე შემდეგ კომენტარს რომ გააკეთებს სადღაც, თემქაზე რომ სკვერს გახსნის, რომელიც ყოველი წვიმის დროს იტბორება, უბრალოდ ახსნას, მისი აზრით, რა არის „დიფ სთეითი“. ქართულად აგვიხსნას იმიტომ, რომ ჩვენ ვერ გავიგეთ.
თავიდან მეგონა, რომ „დიფ სთეითი“ იყო ერთი. ახლა „ქართული ოცნების“ „მაღალჩინოსნების“ საუბრებიდან ირკვევა, რომ თურმე ასეთი ბევრია. გერმანიას, საფრანგეთს, თურმე, თავისი „დიფ სთეთი“ ჰყავს, ევროკავშირს, ამერიკას – თავისი. რუსეთს რატომღაც არ ჰყავს, არც ჩინეთს. საქართველოს ჰყავს? რაღაცნაირად ჩამოყალიბდნენ, ერთია თუ ბევრია. მარტო დასავლეთშია ეს „დიფ სთეითი“? დიქტატორულ რეჟიმებში არ არსებობს? ძალიან ბევრი წინააღმდეგობაა. ძალიან სასაცილო იქნებოდა ხალხი ამას რომ არ იჯერებდეს. სინამდვილეში, „ქართული ოცნების” მხარდამჭერები ამ სისულელეს იჯერებენ“, – განაცხადა რუხაძემ.
ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „MEGOBAR აქტს“ მხარი დაუჭირა. კანონპროექტს, სახელწოდებით – „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“ (MEGOBARI) მხარი 349 კონგრესმენმა დაუჭირა, ხოლო მის წინააღმდეგ ხმა 42-მა მისცა.
ახლა კანონპროექტი აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს.
შეგახსენებთ, რომ „MEGOBARI აქტი“ გასულ წელს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში კონგრესმენმა ჯო უილსონმა წარადგინა, მიმდინარე წელს კი 119-ე მოწვევის კონგრესში ხელახლა წარადგინა კონგრესმენ სტივ კოენთან [დემოკრატიული პარტია], კონგრესმენ რიჩარდ ჰადსონთან [რესპუბლიკური პარტია] და კონგრესმენ მარკ უიზისთან [დემოკრატიული პარტია] ერთად. კონგრესმენების განცხადებით, „MEGOBARI აქტი“ ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს და სხვა საკითხებთან ერთად, ადამიანის უფლებების დარღვევებისთვისა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის, საქართველოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებს.