საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგსა და კონსტიტუციონალისტს, ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.
– ბატონო ვახტანგ, საქართველოსთან დაკავშირებით აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ კანონპროექტი „მეგობარი აქტი“ მიიღო.
ამ აქტის მიღება მოსალოდნელი იყო, რადგან სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 27 მარტს „მეგობარ აქტს“ მხარი დაუჭირა. აქტს კონგრესში ორპარტიული მხარდაჭერით კონგრესმენთა 80%-ით დაუჭირა მხარი. შემდეგი ეტაპია ანალოგიური აქტის მიღება სენატში და შემდეგ მასზე აშშ-ს პრეზიდენტის ხელმოწერა.
„მეგობარი აქტის“ მუხლებით ცხადია ხდება, რომ მისი მიღება ქვეყნისთვისაც ცუდია და იმათთვისაც, ვისაც იგი უპირველესად ეხება, ანუ მმართველი გუნდისთვის.
თქვენ როგორ შეაფასებდით მომხდარს? სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს აშშ-ს კონგრესის მიერ „მეგობარი აქტის“ მიღება?
– გეთანხმებით იმაში, რომ „მეგობარი აქტის“ მიღება იყო მოსალოდნელი. აქტს ორპარტიული მხარდაჭერა ჰქონდა და თუ ეს პროცესი ასე გაგრძელდა დიდი ალბათობით მას ხელს აშშ-ს პრეზიდენტი ტრამპი მოაწერს. ამით დასრულდება „ქართული ოცნების“ პროპაგანდა თითქოს ისინი აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან დაალაგებდნენ ურთიერთობებს. თუ „მეგობარ აქტს“ პრეზიდენტმა ტრამპმა ხელი მოაწერა საქართველო აშშ-ს ურთიერთობები ახალ ეტაპზე აღმოჩნდება.
სამწუხაროა ის, რომ როცა გასული საუკუნის 90-იან წლებში საქართველოს პირველი რესპუბლიკის წლებს ვიხსენებდით წუხილს გამოვთქვამდით იმის გამო, რომ საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ საერთო ენა ვერ გამონახა აშშ-თან და ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ მაშინ დავკარგეთ დამოუკიდებლობა სწორედ ეს იყო.
ახლა კი ასეთი ვითარება გვაქვს – მსოფლიოს უძლიერეს ქვეყანასთან საქართველოს უმაღლეს დონეზე ჰქონდა ურთიერთობები, სტრატეგიული პარტნიორებიც კი ვიყავით, რომელიც ამ ქვეყანამ ჩვენი გაუგებარი ქცევის გამო შეაჩერა. ახლა კი აშშ-ს კონგრესი იღებს კანონს, რომელიც პრაქტიკულად საქართველოს მთელ ხელისუფლებას და ბიზნესწრეებს სანქციებს დაუწესებს.
არ ვიცი „ქართულ ოცნებაში“ ასე გულუბრყვილოები არიან თუ რა ხდება არ მესმის. გაუგებარია, მათ რისი იმედი აქვთ და რატომ ჰგონიათ რომ თუ აშშ-ს პრეზიდენტი ამ აქტს ხელს მოაწერს, აქ შეწყდება ყველაფერი. თუ „მეგობარი აქტის“ კანონს პრეზიდენტმა ტრამპმა მოაწერა ხელი და ის სრულად ამოქმედდება, ეს ქვეყნისთვისაც და მმართველი გუნდისთვისაც ძალიან მძიმე იქნება.
თუ „მეგობარი აქტის“ კანონს პრეზიდენტმა ტრამპმა მოაწერა ხელი და ის სრულად ამოქმედდება, ეს ქვეყნისთვისაც და მმართველი გუნდისთვისაც ძალიან მძიმე იქნება
„ქართულმა ოცნებამ“ თავისი პოლიტიკა რომც შეცვალოს, აშშ-თან ურთიერთობების დალაგება ასე მარტივი არ იქნება. მიღებული კანონები ინერციით გააგრძელებენ მუშაობას და ამ კანონების გაუქმება ვერ მოხერხდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები ძველ ნიშნულზე დაბრუნება ვერ მოხდება.
თუ აშშ-თან და ევროპელებთან კარგი ურთიერთობები არ გვექნა, ჩვენ რამდენიც არ უნდა ვიძახოთ, რომ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა, აზრი არ ექნება. ჩვენ აშშ-თან ურთიერთობა იმისთვისაც გვინდოდა, რომ აშშ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან იყო ჩვენი სუვერენიტეტის გარანტი და შეეძლო ჩვენსავე უსაფრთხოებაზე ეზრუნა.
ჩვენ აშშ-თან ურთიერთობა იმისთვისაც გვინდოდა, რომ აშშ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან იყო ჩვენი სუვერენიტეტის გარანტი და შეეძლო ჩვენსავე უსაფრთხოებაზე ეზრუნა
თუ ეს კანონები ამოქმედდა, საქართველო პირისპირ აღმოჩნდება არა მარტო რუსეთთან, არამედ დანარჩენ სამყაროსთან პირისპირ. და ეს მაშინ, როცა პრაქტიკულად იზოლირებული ვიქნებით აშშ-გან და ევროპისგან. ასეთ ვითარებაში სხვადასხვა ქვეყნებს არ გაუჭირდებათ საქართველოზე ზეწოლის განხორციელება.
– ამერიკულ „მეგობარ აქტში“ წერია რომ სანქციები შეეხება იმათ, ვინც საქართველოში დაკავებულია ხალხის დაშინებით და ხალხზე ძალადობით და ასევე ეხება იმათ, ვინც საქართველოში ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ბლოკავს.
მასში წერია რომ სანქციები შეეხება იმათ, ვინც – „2014 წლის შემდეგ პარლამენტში, ან პარტიულ ხელისუფლებაში იყო ყველა პირს ეხება, მოქმედ მაღალჩინოსნებს და მათ ახლო ნათესავებს“…
– ძალიან მძიმე სურათია. სანქციები იმოქმედებს ყველა მაღალჩინოსანზე, ბიზნესმენებზე. ძალიან მკაფიო და კონკრეტული გზავნილია. თუ ეს კანონი ამერიკამ მიიღო, მას გაგრძელება ევროპის ქვეყნებში მოჰყვება.
სანქციები იმოქმედებს ყველა მაღალჩინოსანზე, ბიზნესმენებზე. ძალიან მკაფიო და კონკრეტული გზავნილია. თუ ეს კანონი ამერიკამ მიიღო, მას გაგრძელება ევროპის ქვეყნებში მოჰყვება
ევროკავშირი ამ ეტაპზე ერთიან გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, ორბანისა და ფიცოს გამო, მაგრამ, ეს პროცესი ევროპის სხვა ქვეყნებში ძალიან სწრაფად დაიწყება და ისეთივე მასშტაბური და მკაცრი იქნება იმათ მიმართ, ვინც ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას საქართველოში, როგორც ეს ამერიკულ კანონშია.
– ახლა ბევრი ამბობს, რომ ამ აშშ-ს სენატში ამ კანონის მიღება გარკვეულ წილად თბილისში რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციების შედეგიცაა. ფაქტი ისაა, რომ ეს შედეგი რომ დამდგარიყო „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან მოინდომა.
ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ თვალს ვადევნებდით „ქართული ოცნების“ მცდელობას მმართველი გუნდის რიტორიკა დამთხვეოდა ტრამპის კონსერვატიულ რიტორიკას. მიუხედავად ამისა, შედეგად გვაქვს ის რაც გვაქვს – აშშ-ს სენატში მიღებული „მეგობარი აქტი“. სავარაუდოდ, როგორი იქნება მომხდარზე „ქართული ოცნების“ პასუხი“?
– რთული სათქმელია, დარწმუნებული ვარ „ქართული ოცნება“ დაიწყებს დროის გაწელვას. მაგრამ, სამწუხაროდ, არა ვარ დარწმუნებული რომ აშშ-ს სენატის მიერ „მეგობარი აქტის“ მიღებაზე „ქართულ ოცნებას“ ადეკვატური რეაქცია ექნება. ხელისუფლება გააგრძელებს საუბარს იმაზე, რომ დიფ სთეითი, ძლიერი, რომ ტრამპმა აშშ-ში დიფ სთეითი ვერ დაამარცხა და ამ მიმართულებით გაგრძელდება სახელისუფლებო პროპაგანდა.
ვფიქრობ, „ქართულ ოცნებაში“ არის ასეთი მოსაზრება, თუ შევცლით პოლიტიკას, ეს აღარ იმუშავებს. დარწმუნებული ვარ ასეთი ტიპის მსჯელობები იქნება ახლა არა მარტო მმართველ გუნდში, არამედ „ქართული ოცნების“ მაღალ ეშელონებში.
თუ ამერიკაში მიღებულ აქტს გაგრძელება მოჰყვა ევროპაში, მაშინ არ უნდა გამოვრიცხოთ რომ იქნება ახალი არჩევნები. ანუ, „ქართული ოცნება“ იძულებული იქნება ქვეყანაში ჩაატაროს ახალი არჩევნები
მიუხედავად ამისა, ისინი დაელოდებიან აშშ-ში პროცესის განვითარებას, და ასევე იმას, ამ კანონს პრეზიდენტი ტრამპი ხელს მოაწერს თუ არა. ანუ, შეეცდებიან გადააგორონ აშშ-ს მიერ მათ წინააღმდეგ დაწესებული სანქციები. მართალია, კანონი ჯერ არ მიუღიათ, მაგრამ, ფაქტია, რომ ვიმეორებ, თუ აშშ-ში ასე გაგრძელდა პროცესი, რომელიც 27 მარტს დაიწყო, სენატიც მიიღებს და მას ხელს პრეზიდენტიც მიიღებს.
თუ ამერიკაში მიღებულ აქტს გაგრძელება მოჰყვა ევროპაში, მაშინ არ უნდა გამოვრიცხოთ რომ იქნება ახალი არჩევნები. ანუ, „ქართული ოცნება“ იძულებული იქნება ქვეყანაში ჩაატაროს ახალი არჩევნები.
– კარგა ხანია ბევრი ვარაუდობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებთან ერთად ხელახალი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს.
ვხედავთ, რომ ამისათვის ხელისუფლებას გარკვეული ფორმით მზადება დაწყებული აქვს. გაამკაცრა კიდევ უფრო საარჩევნო კანონი, უფრო სწორად ისეთი კორექტივები შეიტანა, რომელიც საარჩევნო პროცესზე დაკვირვება აზრს უკარგავს.
თუ არჩევნები ისევ კალანდარიშვილის ცესკომ ჩაატარა, არჩევნებში აქტიურად იქნა ჩართული შს სამინისტრო, სუს-ი, ქვეყანაში გაგრძელდა ოპონენტი აქტივისტების დევნა, პარტიების აკრძალვა, რისთვისაც საფუძველს დროებითი საპარლამენტო კომისია ცდილობს შექმნას, არანაირი მნიშვნელობა არ ექნება ხელახალი არჩევნები დაინიშნება თუ არ დაინიშნება…
– თუ „ქართული ოცნება“ არჩევნების დანიშვნის მიმართულებით წავა, ის აუცილებლად შეიტანს ცვლილებებს საარჩევნო კანონმდებლობაში. ვერ გეტყვით, რომ შს სამინისტრო და სუსი საარჩევნო პროცესისაგან დისტანცირებული იქნებიან, მაგრამ, ვფიქრობ, მათი ღიად ჩართულობა არ იქნება. მაგრამ, ისინი ამჯერად თავისი აგენტურის საშუალებით იმუშავებენ.
არჩევნების პერიოდში აგენტურის გაშიფვრა საკმაოდ რთული საქმეა. ამას რა უნდა მოუხეხოს ოპოზიციამ, წარმოდგენაც არა მაქვს. მაგრამ, რაც საკანონმდებლო ცვლილებებს შეეხება, ვფიქრობ ამას „ქართული ოცნება“ მეტ-ნაკლებად წესრიგში მოიყვანს. კანონებს ისევე ერთ დღეში შეცვლიან, როგორც მათი შეცვლა არ გასჭირვებიათ. შესაძლოა, მოუწიოთ ადგილობრივი არჩევნების თარიღის გადატანაც.
– ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ადგილობრივი არჩევნებისთვის დამთხვევა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ იმუშავებს, რადგან ადგილობრივი ელიტებიც იქნებიან დაინტერესებული რეგიონებში და სოფლებში შეინარჩუნონ პოზიციები.
თუ სწორად მახსოვს, თავიდან საპარლამენტო არჩევნების ხელახალ ჩატარებაზე იყო საუბარი…
– ადგილობრივი არჩევნები ასე ხელწამოსაკრავი საქმე არაა. იმ ვითარებაში, რა ვითარებაშიც ახლა ოპოზიციაა, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა მათი მხარდამჭერების მობილიზებას ნიშნავს.
თქვენ სწორი ბრძანეთ, ადგილობრივ ელიტებს ეძლევათ საშუალება ადგილობრივ არჩევნებზე მათ ადგილებზე იბრძოლონ. გასათვალისწინებელია ისიც, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ შემთხვევაში ხმების მობილიზება და შემდეგ ხმების სწორად დათვლა. ამიტომ ვამბობ, ახლა საუბარი იმაზე, რომ ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიცია მონაწილეობას არ მიიღებს, არ შეიძლება.
იმ ვითარებაში, რა ვითარებაშიც ახლა ოპოზიციაა, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა მათი მხარდამჭერების მობილიზებას ნიშნავს… ამიტომ ვამბობ, ახლა საუბარი იმაზე, რომ ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიცია მონაწილეობას არ მიიღებს, არ შეიძლება
ვიმეორებ – ადგილობრივი არჩევნებისთვის ოპოზიციური ძალების მობილიზება შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს ქვეყანაში პოლიტიკური ჩიხის დასაძლევად. ვფიქრობ, თუ „ოცნება“ ხელახალი არჩევნების დანიშვნის გზით წავიდა, იგი ხელახალ არჩევნებს ადგილობრივ არჩევნებს დაამთხვევს.
– „ქართული ოცნება“ 7 მაისს პარტიის ყრილობის ჩატარებას გეგმავს, რომელზეც მმართველი პარტიის ახალი თავმჯდომარე უნდა იქნას არჩეული.
სხვადასხვა კანდიდატები განიხილება, მაგრამ, ვინ იქნება მმართველი გუნდის ახალი თავმჯდომარე ყრილობაზე გადაწყდება.
თქვენი დაკვირვებით, აშშ-ს სენატში მიღებული „მეგობარი აქტის“ მიღება რა გავლენას იქონიებს „ქართული ოცნების“ ახალი თავმჯდომარის არჩევაზე?
– იქონიებს, მაგრამ, რადგან ვფიქრობ, რომ აშშ-ში მიღებული გადაწყვეტილების გამო მმართველი გუნდი პოლიტიკას არ შეცლის, მაინც მგონია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ის იქნება, ვინც აქამდე მოიაზრებოდა.
თუ „ოცნება“ ხელახალი არჩევნების დანიშვნის გზით წავიდა, იგი ხელახალ არჩევნებს ადგილობრივ არჩევნებს დაამთხვევს
არ ვიცი, ვინ მოიაზრებოდა, მაგრამ, არა მგონია „ქართული ოცნების“ ყრილობაზე ისეთი რამ მოხდეს, რაც აქამდე არ მომხდარა. ანუ გუნდის შიგნით იყოს წინააღმდეგობები და საქმე პარტიის გაყოფამდე მივიდეს – გაჩნდნენ გუნდში პროამერიკული და პროევროპული ძალები.
ამის მსგავს რამეს არ ველოდები.
„ქართული ოცნების“ ყრილობა იქნება ისეთი, როგორც აქამდე ტარდებოდა.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი
