ბუნდესტაგმა მერცი პირველი მცდელობით კანცლერად ვერ აირჩია

ფრიდრიხ მერცმა გერმანიის კანცლერის პოსტზე დასანიშნად ბუნდესტაგში გამართულ პირველ კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მოაგროვა.
ფარული კენჭისყრით, მერცს 310-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი – საჭირო 316-დან, 307-მა კი მის წინააღმდეგ მისცა ხმა.
ამასთან, CDU/CSU ბლოკს, რომლის ლიდერიცაა მერცი (“ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი” და “ქრისტიან-სოციალისტური პარტია”) და მასთან კოალიციაში შემავალ სოციალ-დემოკრატებს (SPD) ბუნდესტაგში უმრავლესობა აქვთ – 328 მანდატით.
კენჭისყრის შედეგები მოწმობს, რომ მომავალ მმართველ კოალიციაში შემავალმა ზოგმა წევრმა მერცს მხარი არ დაუჭირა და მის წინააღმდეგაც კი მისცა ხმა.
კენჭისყრის მსგავს შედეგს არ მოელოდნენ. ეს გერმანიაში პირველი ასეთი შემთხვევაა – არ მომხდარა, რომ ფედერალური სა და წარმატებული კოალიციური მოლაპარაკებების შემდეგ ბუნდესტაგს კანცლერი პირველი კენჭისყრით ვერ აერჩია.
თუმცა მსგავს გამონაკლისს გერმანიის კონსტიტუცია ითვალისწინებს. კონსტიტუციის 63-ე მუხლის თანახმად, თუ კანცლერს პირველივე ჯერზე ვერ აირჩევენ, კენჭისყრიდან 14 დღის განმავლობაში ჩატარდება განმეორებითი კენჭისყრა და კანცლერის ასარჩევად საკმარისი იქნება დეპუტატთა შემადგენლობის ნახევარზე მეტის მხარდაჭერა – ბუნდესტაგში 621 დეპუტატია.
ფრიდრიხ მერცმა, რომლის CDU/CSU-ს კონსერვატიულმა ბლოკმა გაიმარჯვა თებერვლის არჩევნებში, 5 მაისს განაცხადა, რომ სწრაფად შეუდგება გერმანიის ეკონომიკის რეფორმირებას. ახალი მთავრობა აპირებს უზრუნველყოს გერმანიის ეკონომიკის ზრდა და ამასთან ერთად – ქვეყნის თავდაცვის ხარჯების გაზრდა.

ასევე დაგაინტერესებთ