“MEGOBARI აქტი“ კანონპროექტი საქართველოში გაუარესებულ დემოკრატიულ მდგომარეობაზე პასუხს წარმოადგენს, – ამის შესახებ კონგრესმენმა, ჯონი ოლშევსკიმ (დემოკრატიული პარტია) აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც „MEGOBARI აქტის“ განხილვა მიმდინარეობს.
გამოსვლაში კონგრესმენმა ისაუბრა საქართველოს “წარმატების ისტორიაზე” , რუსეთის საფრთხეზე და ერაყსა და ავღანეთში ქართულ მისიაზე.
„კომუნიზმის დაცემის შემდეგ, განსაკუთრებით 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ, საქართველოს მოსახლეობა წლების განმავლობაში წარმატებით აშენებდა დემოკრატიასა და ეკონომიკას, ამავდროულად კი ცდილობდა ხელი შეეწყო ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მისწრაფებებისთვის. აშშ-მ, ევროპელ პარტნიორებთან ერთად, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, რომ საქართველოსთვის და მისი ხალხისთვის ინტეგრაციის გზა გაეხსნა და მას საჭირო რეფორმების განხორციელების საშუალებები ჰქონოდა. საქართველოს ისტორია წარმატების ისტორიაა. რუსეთი საქართველოში 2008 წელს პეკინის ოლიმპიური თამაშების დროს შეიჭრა და მისი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია მოახდინა. რუსეთის მხრიდან მუდმივი საფრთხის მიუხედავად, ქართველები აგრძელებენ დემოკრატიული რეფორმების გატარებას და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ერაყისა და ავღანეთის ომებში, როგორც ეს ამ კანონპროექტშია აღნიშნული“, – განაცხადა ჯონი ოლშევსკიმ.
მისი თქმით, დემოკრატიული პროგრესი მყიფეა და მას მუდმივი ყურადღება სჭირდება.
„2023 წლის თებერვალში, საქართველოს მთავრობამ პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი უცხოელი აგენტების შესახებ, რომელიც, მათი თქმით, გამჭვირვალობისკენ იყო მიმართული. თუმცა, კანონპროექტი მიზნად ისახავდა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის მძიმე შეზღუდვების დაწესებას და მათ უცხოელ აგენტებად სტიგმატიზაციას. აშშ-სა და ევროპაში პარტნიორების გაფრთხილებებისა და პროტესტის ტალღების შემდეგ, მთავრობამ კანონპროექტი უკან გაიწვია, თუმცა 2024 წლის აპრილში ხელახლა წარადგინა. ამჯერად, მასობრივი პროტესტის, პრეზიდენტის ვეტოს, აშშ-ის კონგრესის, ბაიდენის ადმინისტრაციისა და ევროკავშირის დამატებითი გაფრთხილებების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა ეს კანონპროექტი დაამტკიცა. დემოკრატიული უკუსვლის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი 2024 წლის შემოდგომაზე ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები იყო, რომლებიც არც თავისუფალი ყოფილა და არც სამართლიანი. ეს კანონპროექტი საქართველოში გაუარესებულ დემოკრატიულ მდგომარეობაზე პასუხს წარმოადგენს. ეს ქართველ ხალხს აჩვენებს, რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ დემოკრატიისკენ სწრაფვაში, პატივს ვცემთ მათ უფლებებს და მხარს ვუჭერთ ევროატლანტიკურ საზოგადოებაში უფრო ღრმა ინტეგრაციას. ეს მომავალში საქართველოს მთავრობასთან შესაბამისი თანამშრომლობისთვის ჩარჩოს ქმნის. მოუთმენლად ველი მის მიღებას და იმედი მაქვს, რომ მას ექნება სასურველი ეფექტი, რათა საქართველოს მოსახლეობას აჩვენოს, რომ კონგრესი ყურადღებით აკვირდება საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატები ზრუნავს თქვენზე და გვსურს ევროპასა და ნატოში თქვენი მომავალი უზრუნველვყოთ“, – აღნიშნა კონგრესმენმა.
