მავნე ნივთიერებების გამოყოფის მატების შედეგად მცენარეები კარგავენ ნახშირორჟანგის შთანთქმის უნარს

· ადრინდელთან შედარებით, ატმოსფეროში კონცენტრაცია წლიური CO2-ის გამოყოფის პროპორციულად უფრო სწრაფად იზრდება, რადგან ამჟამად ბუნებრივი შთანთქმა წელიწადში 0,25%-ით მცირდება.
· აღმოჩენები ძალიან საყურადღებოა. CO2-ის გამოყოფა უნდა შემცირდეს 0,3%-ით წელიწადში. ეს რთული ამოცანაა, რადგან ის, როგორც წესი, ყოველწლიურად 1.2%-ით იზრდება.
ახალი კვლევის თანახმად, რომელიც გაერთიანებული სამეფოს მკვლევართა გუნდმა ჩაატარა, ჩვენი პლანეტის მცენარეებმა და ნიადაგმა ნახშირორჟანგის შთანთქმის უნარის პიკს მიაღწიეს 2008 წელს და მათი შთანთქმის მაჩვენებელი მას შემდეგ იკლებს.
თავდაპირველად, მომატებულმა ნახშირბადმა ტემპერატურის მატება, მცენარეული საფარის ზრდა და ვეგეტაციური სეზონის გახანგრძლივება გამოიწვია. თუმცა, როგორც კი მიაღწია გარდამტეხ მომენტს, სათბური სტრესის, ტყეების ხანძრის, გვალვის, წყალდიდობის, ქარიშხლის, ახალი დაავადებებისა და მავნებლების გავრცელების ერთობლიობამ ნახშირბადის რაოდენობის შემცირება განაპირობა.
„ CO2-ის ბუნებრივი შთანთქმის სიჩქარემ პიკს 2008 წელს მიაღწია. ადრინდელთან შედარებით, ატმოსფეროში კონცენტრაცია უფრო სწრაფად იზრდება წლიური CO2-ის გამოყოფის პროპორციულად, რადგან ამჟამად ბუნებრივი შთანთქმა წელიწადში 0,25%-ით მცირდება“, – წერენ კვლევის ავტორები. „ეს ეფექტი დააჩქარებს კლიმატის ცვლილებას და ხაზს გაუსვამს კლიმატსა და ბუნების საგანგებო სიტუაციებს შორის მჭიდრო კავშირს. სასწრაფოდ საჭიროა ძალისხმევა გლობალური ბიომრავალფეროვნებისა და მისი ეკოსისტემის სერვისების აღსადგენად“.
შოტლანდიის გარემოს დაცვის სააგენტოს ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეიმს კურანმა, მისი ვაჟის – სემის დახმარებით, დეტალურად გამოიკვლია ნახშირბადის კონცენტრაციის ცვლილების დონე მსოფლიოში. ანალიზმა აჩვენა, რომ 2008 წლიდან მცენარეები ყოველწლიურად საშუალოდ 0,25 პროცენტით ნაკლებ ნახშირორჟანგს შთანთქავს.
„აღმოჩენები ძალიან საყურადღებოა. გამოყოფა უნდა შემცირდეს 0,3%-ით წელიწადში მხოლოდ იმისთვის, რომ გაჩერდეს იმავე დონეზე. ეს რთული ამოცანაა, რადგან ის, როგორც წესი, ყოველწლიურად 1.2%-ით იზრდება“, – თქვა ჯეიმს კურანმა, როგორც „The Guardian“ იტყობინება.
მიღებული დასკვნები ცხადყოფს, რომ ნახშირბადის პოტენციური შთანთქმის ერთი მეხუთედით შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს ატმოსფერული ნახშირორჟანგის წლიური მატება 25-დან 37 პროცენტამდე.
„ეს ანალიზი ადასტურებს, რომ CO2-ის ბუნებრივი შთანთქმის მაჩვენებელი ამჟამად მცირდება. 1960-იან წლებში შთანთქმა იზრდებოდა დაახლოებით 0.8%-ით წელიწადში. ეს ტენდენცია რომ გაგრძელებულიყო, იგი შეამცირებდა ატმოსფეროში CO2-ის კონცენტრაციის მიმდინარე წლიურ ზრდას 30%-ით“, – წერენ კურანები თავიანთ კვლევაში. „თუმცა, ეს გამაუმჯობესებელი ეფექტი დაიკარგა და ახლა შთანთქმა 0,25%-ით მცირდება წელიწადში.
კვლევა „ნახშირორჟანგის ბუნებრივი შთანთქმა მცირდება: კლიმატის ცვლილება დაჩქარდება“, გამოქვეყნდა ჟურნალში „Weather“.
„ეს მზარდი და ძალიან დამაზიანებელი ეფექტი კიდევ უფრო დააჩქარებს კლიმატის ცვლილებას და კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს მჭიდრო კავშირს კლიმატსა და ბუნების საგანგებო სიტუაციებს შორის“, – წერენ კურანები.
სტატიაზე მუშაობდნენ: რუსა ციცქიშვილი, თამთა კიკვაძე, ანა ზარნაძე
წყარო: Ecowatch.com
greenpole.org