საქართველოში სოფლად სიღარიბე გამოწვევად რჩება – მსოფლიო ბანკი მიზეზებს ასახელებს

საქართველოში კვლავ განუვითარებელია სოფლის მეურნეობის სექტორი, რომელიც მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს ასაქმებს და ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, როგორიც დაბალი პროდუქტიულობა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე შეზღუდული წვდომაა, – ამის შესახებ სოფლიო ბანკის “სიღარიბისა და თანასწორობის” (Poverty & Equity) მოკლე მიმოხილვაშია აღნიშნული.
ორგანიზაციის თანახმად, სოფლის მეურნეობის განვითარება აუცილებელია სიღარიბის შესამცირებლად.
“ამ საკითხების მოგვარება გადამწყვეტია სიღარიბის შემცირების დადებითი ტენდენციის შენარჩუნებისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფისთვის,“ – წერს მსოფლიო ბანკი.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ 2017-2023 წლებში საქართველოში სიღარიბის კლების ტენდენციაა, თუმცა, აქვე ვკითხულობთ, რომ კარგი ხარისხის სამუშაო ადგილების შექმნაში კომპანიები ისეთ შეზღუდვებს აწყდებიან, როგორიც არის ბაზრის კონცენტრაცია, ფინანსებზე შეზღუდული წვდომა და სამუშაო ძალაში შესაბამისი უნარების ნაკლებობა.
მიმოხილვის თანახმად, 2017-იდან 2023 წლამდე სიღარიბის მაჩვენებელი 53.9%-იდან 40.7%-მდე შემცირდა, რის მიზეზად დასახელებულია ძლიერი ეკონომიკური ზრდა და შრომის ბაზრის გაუმჯობესება.
მსოფლიო ბანკის მიხედვით, საქართველოში უთანასწორობა შემცირდა, რასაც ჯინის ინდექსი (Gini index), ანუ მოსახლეობაში შემოსავლების გადანაწილების დონის მაჩვენებელი ადასტურებს. კერძოდ, ეს მაჩვვენებელი 2017 წლის 37.9-დან 2023 წელს 34.8-მდე შემცირდა.
რაც შეეხება უმუშევრობას, ბანკის შეფასებით, ეკონომიკურმა ზრდამ, ასევე, ვაჭრობის, მომსახურების, ტურიზმისა და მშენებლობის სექტორებში სამუშაო შესაძლებლობების გაფართოებამ დადებითად იმოქმედა დასაქმებაზე. ამან უმუშევრობის დონე 2021 წლის 20.6%-იდან 2024 წელს რეკორდულად დაბალ 13.9%-მდე შეამცირა.
მსოფლიო ბანკის თანახმად, სიღარიბის შემცირებაში, ასევე, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს სოციალური დაცვის სისტემამ.
“შემოსავლების განაწილებაში ფისკალური ჩარევებით მოსახლეობის ქვედა 60% უფრო მეტად სარგებლობს, ვიდრე ზედა 40%, ყველაზე მეტად კი ღარიბი 20% სარგებლობს,” – წერია მსოფლიო ბანკის მიმოხილვაში.
ცნობისთვის, კეთილდღეობის სხვაობა საშუალო კოეფიციენტია, რაზეც შემოსავლები მრავლდება და დგინდება, საზოგადოების რამდენმა წევრმა მიაღწია კეთილდღეობის სტანდარტს, ანუ 2017 წლის მსყიდველუანრიანობის პარიტეტით გამოხატულ 25-დოლარიან დღიურ შემოსავალს.
შეგახსენებთ, მსოფლიო ბანკი სიღარიბის მაჩვენებელს საერთაშორისო სიღარიბის ზღვრით ადგენს, რომელიც დღიური მოხმარების კუთხით 2017 წლის მსყიდვეულნარიანიობის პარიტეტით გამოხატულ 6.85 დოლარზე ნაკლებს შეადგენს.