პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს – 3 მაისს პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი ციხიდან მიმართავს კოლეგებსა და მოქალაქეებს.
„შთამაგონებელია თქვენი [კოლეგების] სოლიდარობა და დასანანია, თქვენს გვერდით რომ არ ვარ ახლა, როცა სრულიად დაუცველ გარემოში გიწევთ მუშაობა და თქვენს ყოველდღიურ თავგანწირვაზეა დამოკიდებული ისმოდეს უსამართლობის და წინააღმდეგობის ხმა, ხმა, რომელსაც ძალადობით, შანტაჟით, მუქარით და ათასგვარი გამოგონილი სასჯელით ახშობს ოლიგარქის რეჟიმი.
აქ პატიმრობისას განსაკუთრებით გამიძლიერდა რწმენა ჩემი პროფესიის. ჟურნალისტიკა გაცილებით მეტია, ვიდრე ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და გავრცელება“, – ამბობს მზია თავის მიმართვაში.
ის მოქალაქეებს მოუწოდებს, „ითანამშრომლონ მედიასთან და ჟურნალისტებთან ერთად ამხილონ ყველა ის პირი, ის წრე და ჯგუფი, ვინც ნორმად აქცია კორუფცია, უსამართლობა და ძალადობა; ვინც გვძარცვავს, გვაღარიბებს და გვღალატობს“.
მზია ამაღლობელი მიმართავს ქართული ბიზნესის წარმომადგენლებს, აიღონ პასუხისმგებლობა და დაეხმარონ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ მედიასაშუალებებს გადარჩენაში.
„მივმართავ თანამედროვე, ცივილურ სამყაროს – ნუ დაგვტოვებს რუსეთის და მისი ინტერესების გამტარ ავტორიტარულ რეჟიმთან პირისპირ, მარტო. ნუ დაკარგავს თავისუფლების ხმას საქართველოდან“, – ამბობს ის.
დღეს – პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს ტელეკომპანიები „TV პირველი“, „ფორმულა“ და „კავკასია“ ერთობლივ ეთერს მართავენ სახელწოდებით – „მედია თავისუფლებისთვის“.
12 მაისს ოთხი თვე გახდება მზია ამაღლობელის დაპატიმრებიდან. ამაღლობელი 11 იანვარს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, – უკვე 12 იანვარს, – ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო, რაც იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს.
პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი დაკავებიდან 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. შიმშილობის 24-ე დღეს იგი კლინიკაში გადაიყვანეს და ციხეში მხოლოდ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ დააბრუნეს.
ფორუმი
