აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლა HoReCa სექტორში დამატებით შემოსავლის წყაროს გააჩენს – „ნოვა ტური“

აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლა ქვეყანაში ტურისტული ნაკადების ზრდას ხელს შეუწყობს, რაც დამატებითი შემოსავლის წყარო იქნება სასტუმროებისთვის, რესტორნებისთვის და ა.შ., – ამის შესახებ ტურისტული კომპანია “ნოვა ტურის” დამფუძნებელმა მამუკა ჯიქიამ “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა.
მისივე შეფასებით, აღნიშნული სიახლე საინტერესოა გამყვანი ტურიზმის კუთხითაც და აზერბაიჯანელი მომხმარებლების წილი ქართული ტურისტული კომპანიების მომხმარებელთა რაოდენობაში გაიზრდება.
“აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სახმელეთო მიმოსვლა ჯერჯერობით უცნობია როდის გაიხსნება, თუმცა სარკინიგზო მიმოსვლა როგორც ჩვენთვის არის ცნობილი უახლოეს მომავალში დაიწყება. ტურისტული კუთხით ეს ორმხრივად საინტერესოა, მათ შორის, საქართველოში ახალი ტურისტული ნაკადების მოზიდვის კუთხით. სარკინიგზო მიმოსვლა საჰაერო მიმოსვლასთან შედარებით ბიუჯეტურია. ბევრი მომხმარებელი, ვინც თავის თავს თვითმფრინავით მოგზაურობის უფლებას ვერ აძლევდა, ახლა მატარებლით უფრო მარტივად მოახერხებს როგორც საქართველოში ჩამოსვლას, ისე საქართველოდან გამგზავრებას.
აღნიშნული სიახლე საინტერესოა გამყვანი ტურიზმის კუთხითაც, რადგან არაერთი წლის განმავლობაში, როდესაც აზერბაიჯანელები თბილისში ჩამოდიოდნენ, მოგზაურობას სწორედ თბილისიდან იწყებდნენ და სხვადასხვა ქვეყანაში მიფრინავდნენ. აზერბაიჯანელი მომხმარებლების წილი ქართული ტურისტული კომპანიების მომხმარებელთა რაოდენობაში გაიზრდება.
ქართველების მხრიდანაც არ გამოვრიცხავ, რომ საინტერესო იყოს ბიუჯეტურად, 2-3 დღით “ვიქენდ-ტურებზე” ბაქოში ჩასვლა და იქ დასვენება. ეს სარკინიგზო და იმედი გვაქვს მალე სახმელეთო მიმოსვლის გახსნაც ძალიან მნიშვნელოვანი ბენეფიტი იქნება ტურიზმის კუთხით”, – აცხადებს მამუკა ჯიქია.
მანვე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე “ნოვა ტური” აზერბაიჯანის მიმართულებით მომხმარებლებისთვის ტურ-პაკეტების შეთავაზებებს არ გეგმავს.
ცნობისთვის, აზერბაიჯანული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აზერბაიჯანი და საქართველო შეთანხმდნენ, რომ პირველი მატარებელი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის – 26 მაისს და აზერბაიჯანის რესპუბლიკის დღისთვის – 28 მაისს დაიწყებს მოძრაობას. “ბიზნესპარტნიორი” დამატებით დეტალებს “საქართველოს რკინიგზაში” არკვევს.
ასევე ცნობილია, რომ ბაქოსა და თბილისს შორის სამგზავრო მიმოსვლა 2020 წლის მარტში COVID-19 პანდემიის გამო შეჩერდა და დღემდე არ აღდგენილა. აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრები მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან, ასევე დაკეტილია. ქვეყანა კვლავ სპეციალური საკარანტინო რეჟიმის ქვეშ რჩება, რომლის ვადაც 2025 წლის პირველ ივლისს იწურება.
bp.ge