უამინდობამ მოსავალი დააზიანა – რა მოლოდინი აქვთ მოცვის მწარმოებელთა ასოციაციაში?

წელს, სავარაუდოდ, მოცვის მოსავლის კრეფა ტრადიციულზე გვიან დაიწყება, რისი მიზეზიც არასახარბიელო ბუნებრივი პირობებია, რამაც გურიასა და სამეგრელოში მოცვის პლანტაციები დააზიანა. ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ფერმერების ნაწილი ვარაუდობს, რომ წელს პროდუქციის ხარისხი გამოწვევა იქნება, ხოლო რაც შეეხება მოსავლის რაოდენობას, მოცვის მწარმოებელთა ასოციაციში მიიჩნებენ, რომ მოსავალი გასულ წელთან შედარებით რაოდენობრივად გაიზრდება, თუმცა ახალი ბაღების ხარჯზე, რადგან უკვე არსებული პლანტაციების ნაწილს რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა პრობლემები შეუქმნა. ასოციაციაში მოცვის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 5 000 ტონაა.
“გურიასა და აჭარაში ძალიან რთულმა ზამთარმა მოცვის ბაღების მასშტაბური დაზიანება გამოიწვია. თოვლის შემდეგ მოგვიანებით საგაზაფხულო ყინვები იყო, რამაც ასევე საადრეო ყვავილი დააზიანა. საბოლოო ჯამში, განაპირობა ის რომ მოსავალმა დაიგვიანა. თუ გასულ წელს კრეფა 16-18 მაისს დავიწყეთ, წელს ეს თარიღი მაისის ბოლოსთვის გადაიწევს.
დაზიანებიდან გამომდინარე, მოსავლიანობა შემცირებულია, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ბაღი გაშენდა ბოლო 2-3 წელიწადში და ზრდის პროცესშია, აქედან გამომდინარე მოცულობები მეტ-ნაკლებად დაბალანსდება. შესაბამისად, ასოციაციაში ვფიქრობთ, რომ წელსაც იგივე მოსავალი იქნება. საუბარია 5000 ტონამდე მოცულობაზე”, – ამბობს საქართველოს ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორი შოთა ცუკოშვილი.
რაც შეეხება ექსპორტს, საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს ჯამურად საქართველოდან 5 000 ტონამდე მოცვის ექსპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის მაჩვენებლებს აღემატებოდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში წელს საექსპორტო მოცულობების ზრდას ელიან.
ქართული მოცვისთვის ძირითადი საექსპორტო ბაზარი ა, სადაც გასულ წელს 24 მილიონი დოლარის ღირებულების ქართული მოცვი გაიყიდა. სტატისტიკაში რუსეთს გერმანია, სომხეთი, გაერთიანებული არაბთა საამიროები და პოლონეთი მოსდევს. ფერმერები ამბობენ, რომ წელსაც მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთი იქნება, თუმცა ახალი ბაზრების ათვისებაც მოხდება.