საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ( 2011-2012 წლებში), სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა სამინისტროში სტრუქტურული ცვლილებების ერთ-ერთი მთავარი მიზანი სისტემისთვის არასასურველი კადრების მოშორებაა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ საგარეო საქმეთა სამინისტროში დაგეგმილი ცვლილებებით ორ კურდღელს იჭერს – მისთვის ნაკლებად მნიშვნელოვან მიმართულებებს სტატუსს უცვლის და არასასურველ ადამიანებს ათავისუფლებს.
„თუ ადრე არსებობდა ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატი, რომელიც ფუნქციურად და სტატუსით უფრო მაღალი იყო, ახლა ეს ევროინტეგრაციის დეპარტამენტი შევა პოლიტიკურ დირექტორატში. შესაბამისად, გარკვეული დაქვეითება ხდება. მანამდე გამოყოფილი იყო, როგორც პრიორიტეტული [მიმართულება] და ახლა აღარ არის. იგივე ხდება ნატოზეც. ნატოს შემთხვევაში იყო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გენერალური დირექტორატი და ახლა იქმნება უსაფრთხოების პოლიტიკის, საერთაშორისო ორგანიზაციების და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პოლიტიკური დირექტორატი და ევროატლანტიკური ინტეგრაციის და უსაფრთხოების დეპარტამენტი შედის შიგნით და აქ იქნება ნატოს სამმართველო. აქაც ანალოგიურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ როლის დაქვეითება მოხდა. შეიძლება ეს უფრო სიმბოლური საკითხია, მაგრამ, ჩემი აზრით, აქ უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ რეორგანიზაციის შედეგად „ქართული ოცნება“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან გაუშვებს იმ ადამიანებს, რომლებიც არ ეთანხმებიან მათ ე.წ. საგარეო პოლიტიკას, რომლებმაც პეტიციას მოაწერეს ხელი შარშან, როცა 28 ნოემბრის [ევროინტეგრაციის შეჩერება] გადაწყვეტილება მიიღეს“, – აცხადებს სერგი კაპანაძე ნეტგაზეთთან.
როგორც სერგი კაპანაძე ამბობს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, არამედ „ქართული ოცნების“ რეჟიმის აღიარებაა.
„მე რა ინფორმაციაც მაქვს, ამ რეორგანიზაციის შედეგად 5 დეპარტამენტი უქმდება, რაც ნიშნავს, რომ ადამიანებს სამსახურიდან გაუშვებენ და შემდეგ შიგნით მოხდება დარჩენილი ადამიანების რელოკაცია. მე ასეთი ინფორმაცია მაქვს, რომ ის ადამიანები, რომლებიც აქტიურად ეწინააღმდეგებოდნენ [„ოცნების“ პოლიტიკას], პროტესტშიც მონაწილეობდნენ და ხელიც მოაწერეს პეტიციას, მათი დიდი ნაწილი იქნება სამსახურიდან გაშვებული, ან შეიძლება თქვან, რომ კი არ გავაგდეთ, დიპლომატიურ რეზერვში გადავიყვანეთო, რაც დიპლომატიურ ენაზე იგივე გაშვებაა.
როცა ასეთი ტიპის სიმბოლური იერარქიული ფუნქციის მქონე ერთეულს აუქმებ, რა თქმა უნდა, ეს გზავნილიც არის [რომ არ აინტერესებთ ევროინტეგრაცია] ისევე, როგორც თავის დროზე იყო გზავნილი, როცა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი გააუქმეს. ესეც მაგის ნაწილი იყო. ამ შემთხვევაში, შეიძლება, ფორსირება იმან მოახდინა, რომ ხალხის [მათთვის არასასურველი] მოშორება სჭირდებოდათ და უფრო ლოიალური კადრებით ჩანაცვლება“, – აცხადებს სერგი კაპანაძე.
„ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უწყებაში შეიქმნება ახალი დირექტორატი, რომელიც ევროპისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტებს გაერთიანებს.
ამის შესახებ განცხადება მას შემდეგ გამოაქვეყნეს, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა რეორგანიზაცია გამოაცხადა და ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატს აუქმებდა.
განცხადებაში ბოჭორიშვილის უწყება, ერთი მხრივ, უარყოფს, რომ აპირებს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის გაუქმებას, რომელიც უწყებაში კონკრეტულად ევროინტეგრაციის მიმართულების კურირებაზეა პასუხისმგებელი. თუმცა იქვე დასძენს, რომ გეგმავს შექმნას ახალი, ევროპის საქმეთა პოლიტიკური დირექტორატი, რომელიც გააერთიანებს ევროპისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტებს. ეს ორი დეპარტამენტი ცალ-ცალკე მუშაობენ. ევროინტეგრაციის დეპარტამენტი უშუალოდ და მხოლოდ ევროინტეგრაციის საკითხებზე მუშაობს, ხოლო ევროპის დეპარტამენტი – ორმხრივ ურთიერთობებზე ევროპის ქვეყნებთან.
