გამოვიდა გიორგი სოსიაშვილის მოთხრობების კრებული თურქულ ენაზე. მთარგმნელი, თურქი ქართველოლოგი ჰარუნ ჩიმქე.
აი რას წერს ჰარუნ ჩიმქე წიგნის შესახებ:
„გიორგი სოსიაშვილი თანამედროვე ქართული ლიტერატურის გამორჩეული წარმომადგენელია. როგორც ისტორიის პროფესორი, იგი ღრმა ცოდნითა და მდიდარი ინტელექტით გამოირჩევა. მრავალი თხზულების ავტორმა პირველი მოთხრობების კრებული 1996 წელს გამოსცა სახელწოდებით „ძმათა მახვილი“.
წინამდებარე კრებულში, სოსიაშვილის ხუთი უმნიშვნელოვანესი მოთხრობაა თავმოყრილი, რომლებიც მკითხველს ნათლად დაანახვებს ავტორის ლიტერატურულ ოსტატობასა და თხრობის უნარს. ეს მოთხრობებია: „მოვალ შენთან“, „დედის დრო“, „მამა გავხდი“, „სამსონის სავარძელი“ და „შეპყრობილი“.
გიორგი სოსიაშვილი ფრთხილად აყურადებს ცხოვრების პულსს და ზუსტად და ფაქიზად აფიქსირებს ყველაზე მგრძნობიარე დეტალებს. მის ნაწარმოებებში ავტორის ნაფიქრი და ნააზრევი ესთეტიურადაა ჩაქარგული სიუჟეტში და მკითხველს გულწრფელი სიამოვნების განცდას უტოვებს.
თანამედროვე ყოფის აღწერით, მწერალი არა მარტო ცოცხალ მატიანეს ქმნის, არამედ ხელოვნების განვითარების პროცესსაც ემსახურება. 2023 წლის 6 თებერვალს, თურქეთში მომხდარმა დამანგრეველმა მიწისძვრამ ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. სოსიაშვილისთვის ამ ტრაგედიას გულგრილად არ ჩაუვლია და თავისი მოთხრობით „მოვალ შენთან “ ამ საშინელ მოვლენას სიტყვიერი ძეგლი დაუდგა. ამ მან კიდევ ერთი აგური დადო თურქ და ქართველ ხალხებს შორის ძმობის ხიდის გასამყარებლად. ნაწარმოებში მოთხრობილია ქართველი გიორგის მეუღლის ამბავი, რომელიც თურქეთშია დასაქმებული და თურქი ექიმის შვილების მოვლით ირჩენს თავს. ამ საშინელ სტიქიურ მოვლენას გიორგის მეუღლეც ეწირება. მოთხრობა გაჯერებულია სევდით, შინაგანი მონოლოგებითა და ფილოსოფიურ წიაღსვლებით. გიორგი დამნაშავედ გრძნობს თავს იმის გამო, რომ ოჯახზე ზრუნვა მეუღლეს დააწვა ტვირთად: „ამ ფიქრებში ვიყავი ჩაფლული, როდესაც თურქეთიდან დალი დამიკავშირდა. უკვე ჩამობნელებულიყო და მე ძილს მივეცი თავი. როგორც კი ბნელდება, თავს ვმალავ მოგონებებში, რადგან წარსული ერთადერთი სივრცეა, სადაც ადამიანი სრულუფლებიანია; იქ ვეღარავინ წაგართმევს იმას, რაც შენია.“
დედის სიყვარულისადმი მიძღვნილი მოთხრობა „დედის დრო“ — სენსიტიური და რომანტიული ტონებით არის გამორჩეული. სოსიაშვილი მკითხველს შეახსენებს, რომ შვილს, განურჩევლად ასაკისა, დედის წინაშე მუდამ ბავშვური სისუსტე შემორჩება: „ადიდებულ, ტალახიან მდინარეს სად უნდა დაახვედრო? იგი ყველაფერს ფესვიანად თხრის და წარიტაცებს. სული — ცრემლების მდინარეა, რომელიც შრება, მაგრამ ქანებს ტოვებს. ტირილი მინდა, მაგრამ არა აქ, არა დედის თვალწინ.“
„მამა გავხდი“ — სიღარიბესა და ადამიანური ბედნიერების პატარა ნაპერწკალს ასახავს. ბადრი, სიღარიბეში მცხოვრები კაცი, მამის ხვედრს სიხარულით ხვდება, თუმცა ცხოვრებაც თავისას ითხოვს. ამ მოთხრობაში სოსიაშვილი გულწრფელად აღწერს სიღარიბის გავლენას პიროვნულ ღირსებასა და საზოგადოებრივ აღქმაზე.
სოციალური ფენომენების გაშუქებისას მძაფრად ვლინდება სოსიაშვილის ოსტატობა. „სამსონის სავარძელი“ — მწარე ალეგორიაა ძალაუფლების მოპოვებასა და სოციალური სტატუსის დაკარგვის შიშით პიროვნული ღირსების რღვევაზე.
სოსიაშვილის სტილისთვის დამახასიათებელია სიუჟეტში მოულოდნელობების ჩაქსოვა. „შეპყრობილში“ იგი მრავალგანზომილებიან სიუჟეტურ ქსოვილს ქმნის, სადაც რეალობა, ოცნება და სიზმარი ერთმანეთს მსუბუქად ერწყმის.
წარმოდგენილი კრებული, რომელშიც თავმოყრილია გიორგი სოსიაშვილის ხუთი უნიკალური მოთხრობა, დადებითი ემოციებით აღავსებს და გაამდიდრებს მკითხველის ცნობისწადილს.
გისურვებთ სასიამოვნო კითხვას!”
