სარჯველაძის ამბობს, რომ მაღაროელებისთვის შეთავაზებული პირობები “დამაჯერებლად უნდა გამოიყურებოდეს”

“ქართული ოცნების” ჯანდაცვის მინისტრი, ამბობს, “ჯორჯიან მანგანეზის” მიერ მაღაროელებისთვის შეთავაზებული პირობები “დამაჯერებლად უნდა გამოიყურებოდეს.”
საუბარია 7-პუნქტიან დოკუმენტზე, რომელიც რეორგანიზაციის პროცესსა და მუშაობის შემდგომი გაგრძელების პერსპექტივებს. მაღაროელთა ნაწილი თვლის, რომ კომპანია მათ მოტყუებას ცდილობს და შეთავაზება არა მშრომელების, არამედ მთლიანად დამსაქმებლის ინეტერესებზეა მორგებული.
ამ საკითხთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ დასაქმებულების ინტერესებისა და უფლებების დაცვისას არ უნდა უგულებელყოთ ბიზნესის ინტერესებიც.
“ჩემთვის პირადად, ეს საკითხი დგას ამგვარად: ძალიან მნიშვნელოვანია იქ მაცხოვრებელი ადამიანების, მომუშავე ადამიანების ინტერესის და უფლებების, კანონიერი ინტერესის და კანონიერი უფლებების დაცვა. ეს უნდა განხორციელდეს. უბრალოდ, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს არ არის ისეთი რამ, როდესაც შეგიძლია საერთოდ ანგარიში არ გაუწიო ბიზნეს-მოდელების, ან ბიზნესის ინეტერესებს, რომელიც, ასევე, შეიძლება ლეგიტიმური იყოს. ამ შემთხვევაში, საუბარია იმაზე, რომ ბიზნესს, რომელიც გახლავთ დამსაქმებელი ორგანიზაცია, აქვს საკმაოდ დიდი სირთულეები. მენეჯმენტის მოდელთან დაკავშირებით, … ბევრი მიმართულებით არსებობს გარკვეული სირთულეები, რომლის გადაჭრაშიც, ბუნებრივია, რომ ყველანი ვართ დაინტერესებული. იმიტომ, რომ ამის გარეშე, რეალურად, მათ შორის, იმ დამსაქმებელთა უფლებებისა და ინტერესებს დაცვა იქნება უაღრესად გართულებული. აი, აქედან გამომდინარე, ჩემი მიდგომა ასეთი გახლავთ: მთავარი ამოცანა, ეს გახლავთ თვითონ დასაქმებულების ინტერესები დაცვა, უფლებების დაცვა. მაგრამ ასეთ დროს აუცილებელია, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მხედველობაში იქნეს მიღებული ის საჭიროებები, რომელიც აქვს უშალოდ კომერციულ სტრუქტურებს, რომელიც არის დამსაქმებელს. ამიტომ, სამმხრივი ფორმატი, მე ვფიქრობ, რომ ყველაზე რელევანტურია ამ თვალსაზრისით. ამიტომაც ვიფქრობ, რომ წარმატებული იყო, მათ შორის, ის სხდომა, რომელიც გაიმართა. რატომ იყო წარმატებული? იმიტომ, რომ საკითხის სწორედ ამგვარად დასმის შესაძლებლობა გაჩნდა. განსაკურებლად მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აქაც, ნუ შეეცდებით, რომ ვითარება წარმოსახოთ როგორც ჩიხი. იმ პერიოდის შემდეგ, რაც მართლაც ჩიხურად გამოიყურებოდა მდგომარეობა, როდესაც გამოსავალი არსაიდან არ ჩანდა, რეალურად, იქ დღეს გამოსავალი ჩანს. კერძოდ, კომპანიას აქვს კონკრეტული ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა დაასაქმოს ის დასაქმებულები, რომლებიც მანამდე ამ საქმიანობით იყვნენ დაკავებულები. არის კონკრეტული პროგრამა ამასთან დაკავშირებით, რომელიც იქნა წარდგენილი და მე ვფიქრობ, რომ ის დამაჯერებლად უნდა გამოიყურებოდეს. ასეთია დღევანდელი მოცემულობა. ყოველ შემთხვევაში, ის, როგორც ეს იყო, ვერ გაგრძელდებოდა. ამიტომ, ახალი პერსპექტივა ჩანს”, – განაცხადა სარჯველაძემ.
ჟურნალისტის კითხვას, რატომ არ ხვდება მაღაროელებს, რომლებიც უკვე ორ თვეზე მეტია უწყვეტ აქციებს მართავენ როგორც ჭიათურაში, ისე თბილისში და რომელთა ნაწილმა პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას მიმართა, სარჯველაძემ ასე უპასუხა:
“მე მგონია, რომ არასწორად ცდილობთ საკითხის წარმოჩენას. თქვენ თუ ხედავთ შესაძლებლობას მინისტრის უშუალო შეხვედრის და ჩართულობის შემთხვევაში საკითხთა ასე გადაჭრის პირობის, მე მგონია, რომ ამ შემთხვევაში, თქვენ ცდებით. მე მგონია, რომ ამას ცოტა სხვაგვარად სჭირდება … მონაცემების სხვაგვარად დამუშავება სჭირდება, რეალურად მუშაობა სჭირდება და არა რაღაცის საჩვენებელი შეხვედრების გამართვა. მერწმუნეთ.
1-ელ მაისს, მშრომელთა საერთაშორისო დღეს მაღაროელებმა მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. უწყვეტი ორთვიანი პროტესტის მოთხოვნა უცვლელია: ჩაერთოს ცენტრალური ხელისუფლება მაღაროელებისა და დამსაქმებელს შორის კომუნიკაციის პროცესში და დაიცვას მოქალაქეთა ინტერესები.
მაღაროელთა საინიციატივო ჯგუფი დანარჩენ დასაქმებულებს მოუწოდებს, არ მოაწერონ ხელი 24 აპრილს დამსაქმებელი კომპანიის შეთავაზებულ პირობებს. ეს შეთავაზება კომპანიამ მაღაროელებს მას შემდეგ გააცნო, რაც კომპანიის მმართველი კომპანია CMC მაღაროში მუშაობის აღდგენას დაჰპირდა, თუმცა, გარკვეული პირობებით: კომპანიამ გადაჭრით მოითხოვა პროტესტის, პიკეტირების შეწყვეტა და მის ხედვაზე დამორჩილება.
CMC ჯერ კიდევ მარტში აცხადებდა, რომ ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოები აღარ განახლდებოდა და სასამართლოს გაკოტრების განცხადებითაც მიმართა. ახალი განცხადებით CMC ულტიმატუმს აყენებს და პიკეტირების მოხსნას ითხოვს.
“კომპანიის პოზიცია უცვლელია – პიკეტირების პირობებში წარმოების აღდგენა შეუძლებელია. კომპანია გადაჭრით აცხადებს: ჭიათურაში სამთო წარმოება ან გაიხსნება ახალ წესებზე დაფუძნებული მოდელით – ან საერთოდ ვერ აღდგება. ამ პროცესის დაწყება შეუძლებელია მაღაროების ბლოკირების პირობებში”, – წერია CMC-ის ახალ განცხადებაში, რომელიც გუშინ გაავრცელეს.
2025 წლის იანვარში კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“, რომლის მფლობელობაშია ყველა მაღარო ჭიათურაში, მუშაობა დროებით შეაჩერა და თანამშრომლები ნაწილობრივ ანაზღაურებაზე გადაიყვანა. თუმცა მაღაროელები ამ ხელფასსაც ვერ იღებენ — 60%-იან ანაზღაურებას, რისი გადახდის ვალდებულებაც კომპანიას დაეკისრა მუშაობის პროცესის შეჩერების შემდეგ. მაღაროელების ინფორმაციით, საქმე ეხება 5000 თანამშრომელს, რომელთაგან 3000-ზე მეტი ჭიათურაში მუშაობს.
7 მარტს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“ „ჯორჯიან მანგანეზთან“ შეთანხმებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოები აღარ განახლდება. შპს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიამ“, რომელიც ჭიათურაში მიწისქვეშა და ღია კარიერული წესით მანგანუმს მოიპოვებს, თბილისის საქალაქო სასამართლოს გაკოტრების განცხადებით მიმართა.
ჭიათურელებს რამდენიმე მსხვილი მოთხოვნა აქვთ, რაც, მათივე თქმით, შემდგომ დეტალურ განხილვას და დაზუსტებას საჭიროებს:
· შეხვდნენ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები;
· გავიდეს ინვესტორი და სახელმწიფომ გადაიბაროს ჭიათურაში პასუხისმგებლობა სამთო წარმოებაზე;
· როდესაც აღდგება მუშაობა, მადნის ექსპორტიდან შემოსული თანხის 5% ჩაირიცხოს ფონდში, რომელიც ჭიათურელი ბავშვებისა და მოზარდებისთვის იქნება განკუთვნილი;
· ჭიათურასა და მუნიციპალიტეტის სოფლებს შორის დაინიშნოს უფასო ტრანსპორტი;
· მიეხედოს ქალაქის ეკოლოგიას, განსაკუთრებით ღია კარიერულ მოპოვებას;
· გაიყინოს ბანკის სესხები მუშაობის აღდგენამდე.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, ჭიათურის მოსახლეობის 60.6 % სოციალურად დაუცველთა ბაზაშია რეგისტრირებული, რაც იმერეთის რეგიონის საშუალო მონაცემს – 41.2 %-ს, მკვეთრად აღემატება. მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მესამედი – 33.6 %, საარსებო შემწეობის მიმღებია, რაც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის შემდეგ, იმერეთში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.