დანიშვნიდან 9 თვეში გია ხუბუამ დატოვა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის პოსტი

გია ხუბუამ დატოვა ს მიერ დაფუძნებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) რექტორის პოსტი. ის ამ თანამდებობაზე ცხრა თვის წინ, 2024 წლის ივლისში დაინიშნა.
ინფორმაცია ხუბუამ სოციალური ქსელით გაავრცელა. მიზეზად ის ასახელებს აკადემიურ და სამეცნიერო საქმიანობას, რომელსაც, როგორც ამბობს, უნდა მეტი დრო დაუთმოს.
“ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობას ვტოვებ პირადი განცხადების საფუძველზე. უფრო მეტი დრო მინდა, დავუთმო ჩემს აკადემიურ და სამეცნიერო საქმიანობას. მაქვს რამდენიმე სამეცნიერო პროექტი, რომელზე მუშაობაც დაწყებული მქონდა და უფრო ინტენსიურად გავაგრძელებ მათზე მუშაობას.
ჩემთვის უდიდესი პატივი და, ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობა იყო რექტორის თანამდებობიდან მემსახურა საქვეყნო მნიშვნელობის საქმისთვის, რასაც ახალგაზრდების განვითარებაზე და მათი ცოდნის გაღრმავებაზე ზრუნვა ჰქვია. წარმატებებს ვუსურვებ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს და მის თითოეულ თანამშრომელს მომავალ საქმიანობაში”, – წერს ხუბუა.
გიორგი ხუბუა იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორია. სხვადასხვა პერიოდში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორი და მეცნიერ-თანამშრომელი, არის 40-ზე მეტი სამეცნიერო შრომის, მათ შორის 7 მონოგრაფიისა და ერთი სახელმძღვანელოს ავტორი.