„ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უწყებაში შეიქმნება ახალი დირექტორატი, რომელიც ევროპისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტებს გაერთიანებს.
ამის შესახებ განცხადება მას შემდეგ გამოაქვეყნეს, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა რეორგანიზაცია გამოაცხადა და ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატს აუქმებდა.
განცხადებაში, ბოჭორიშვილის უწყება ერთი მხრივ, უარყოფს, რომ აპირებს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის გაუქმებას, რომელიც უწყებაში კონკრეტულად ევროინტეგრაციის მიმართულების კურირებაზე პასუხისმგებელი. თუმცა იქვე დასძენს, რომ გეგმავს შექმნას ახალი, ევროპის საქმეთა პოლიტიკური დირექტორატი, რომელიც გააერთიანებს ევროპისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტებს. ეს ორი დეპარტამენტი ცალ-ცალკე მუშაობენ. ევროინტეგრაციის დეპარტამენტი უშუალოდ და მხოლოდ ევროინტეგრაციის საკითხებზე მუშაობს, ხოლო ევროპის დეპარტამენტი – ორმხრივ ურთიერთობებზე ევროპის ქვეყნებთან.
„გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამინისტროში უქმდება ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატი არ შეესაბამება სიმართლეს. რეფორმის შედეგად, შეიქმნება ევროპის საქმეთა პოლიტიკური დირექტორატი, იგი გააერთიანებს ევროპისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტებს. თავის მხრივ ევროინტეგრაციის დეპარტამენტში შეიქმნება 4 სამმართველო, რომელიც მოემსახურება ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის დღის წესრიგს. დირექტორატის შექმნა დამატებით შეუწყობს ხელს ხსენებული ამოცანების შესასრულებლად ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობების ეფექტიან კოორდინაციას“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
„საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი – კონსტიტუციის 78-მუხლის” ინფორმაციით, 29 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, საქმისწარმოების ელექტრონული სისტემისა და მინისტრის ელექტრონული წერილის საშუალებით, ეცნობათ სამინისტროს რეორგანიზაციის დაგეგმვის შესახებ.
პროფკავშირის ინფორმაციის თანახმად, სამინისტროს ახალი სტრუქტურა დამტკიცდება შესაბამისი პროცედურების დასრულებისა და საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ და ამოქმედდება 2025 წლის 1 ივლისიდან.
„საგანგაშოა, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საგარეო პოლიტიკური მიმართულებები, როგორიცაა: ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება; აშშ-სთან და ევროპელ პარტნიორებთან ორმხრივი ურთიერთობები, ახალ სტრუქტურაში წარმოდგენილია დაკნინებული ფორმით.
კერძოდ: ეს მიმართულებები, რომლებიც აქამდე ცალკე სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში შედიოდა და მინისტრის მოადგილეების უშუალო დაქვემდებარებაში იყო, წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ერთიანდება ახალ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებში, რომელთა მიზანია, როგორც მინისტრის წერილშია აღნიშნული, „სუვერენული საგარეო პოლიტიკის გამტკიცება“, – აცხადებს პროფკავშირი.
პროფკავშირის ცნობით,აღნიშნული ცვლილებების შესაბამისად:
· აშშ-სთან ურთიერთობა განიხილება გლობალური საკითხების ჭრილში;
· ნატო – რეგიონულ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის კონტექსტში;
· ევროკავშირი – ევროპასთან ურთიერთობის ერთიანი ჩარჩოს ფარგლებში.
„აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ უქმდება სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი — სტრუქტურული ერთეული, რომლის არსებობა ქვეყნისთვის, როგორიც არის საქართველო და რომელიც უკიდურესად მოწყვლადია საინფორმაციო ოპერაციების მიმართ, კატეგორიულად აუცილებელია“, – აცხადებს პროფკავშირი.
