ქართველი ავტოდილერები, უცხო ქვეყნის იმ ფიზიკური პირებისთვის, რომლებიც საქართველოში ბიზნეს საქმიანობას ეწევიან, რეგულაციის შემოღებას ითხოვენ. საუბარია, ძირითადად, ყაზახ და ყირგიზ ავტოდილერებზე, რომლებიც „ავტოიმპორტიორთა ასოციაციის“ ინფორმაციით, სახელმწიფოს გადასახადებს არ უხდიან.
როგორც ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსი ნონიაძემ „ბიზნესპრენსიუსთან“ განაცხადა, უცხოელები მეტი უპირატესობით სარგებლობენ, რის გამოც ადგილობრივ ბაზარზე არაჯანსაღი კონკურენცია იქმნება. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე შეხვედრების მეორე ეტაპი უკვე დასრულდა, რა დროსაც დარგის წარმომადგენლებთან ერთად, პირველ რიგში გადასადგმელი ნაბიჯები გამოიკვეთა.
როგორც ალექსი ნონიაძე ამბობს, ის უცხოელებიც, რომელიც საქართველოში ბიზნეს საქმიანობას ეწევიან, ადგილობრივების მსგავსად, ინდმეწარმედ უნდა რეგისტრირდებოდნენ. ამის შესახებ კი, სულ მალე, ფინანსთა სამინისტროში შეხვედრების მესამე ეტაპზეც იმსჯელებენ.
„ამ შეხვედრების პირველი ეტაპი უკვე ჩატარდა. ახლა დღე-დღეზე ველოდებით მესამე შეხვედრის თარიღს.
დარგის მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, ბევრი სექტორია მასში ჩართული, საჭირო იყო ყველასთან საკითხის გავლა. ვიმსჯელეთ პრობლემებზე, გამოსავალზე, მიზნებზე და გადასადგმელ ნაბიჯებზე. შემდეგი შეხვედრა უკვე იქნება ფინანსთა სამინისტროში, რომ ჩვენი შეხედულებები გავაცნოთ. ამის შემდეგ გახდება ცნობილი, რა ნაბიჯებს გადადგამს სახელმწიფო, რომ დარგს დაეხმაროს“,- ამბობს ალექსი ნონიაძე.
კითხვაზე, საწყის ეტაპზე რა კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი, ალექსი ნონიაძე აღნიშნავს, რომ გამოსავალი საკანონმდებლო დონეზე უნდა მოიძებნოს.
„როგორც ირკვევა უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირები, რომლებიც აქ ბიზნესით არიან დაკავებული, უფრო მეტი უპირატესობით სარგებლობენ, მაგალითად, გარკვეულ გადასახადებს არ იხდიან. შესაბამისად, თანაბარ პირობებში არ არიან ადგილობრივებთან მიმართებით. ჩვენ მოქალაქეს თუ აქვს ვალდებულება, რომ მინიმუმ ინდმეწარმედ გაფორმდეს, იგივე ვალდებულება უნდა გაუჩნდეთ მათაც. იგივე ვალდებულებები უნდა იგრძნონ სახელმწიფოს მიმართ, რაც ჩვენს მოქალაქეებს აქვთ. როგორღაც უნდა გათანაბრდეს პირობები. რაც შეეხება დემპინგურ ფასს, ამ მიმართულებით ჯერ კიდევ გვაქვს სამუშაო. ამიტომ, კონკრეტულ ნაბიჯებზე ჯერ არ შევთანხმებულვართ“,- ამბობს ალექსი ნონიაძე.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საკითხზე „ბიზნესპრესნიუსი“ ადრეც წერდა. როგორც მაშინ ალექსი ნონიაძე აღნიშნავდა – „პრობლემა არის ის, რომ ავტოიმპორტის სფეროში არარეზიდენტი პირები აწარმოებენ ბიზნესს, ეს ეხება ყაზახებს და ყირგიზებს, რომლებიც დემპინგური ფასების გამოყენებით არაჯანსაღ კონკურენციას უწვენ ადგილობრივ დილერებს”.
მისი თქმით, პრობლემა დაიწყო პანდემიის შემდეგ და აღნიშნული ქვეყნის წარმომადგენლები, საქართველოში უკვე დაფუძნდნენ, ავტოსფეროში მომსახურების მთლიანი ჯაჭვი აითვისეს და მეტიც, რუსთავში უკვე საკუთარი ავტობაზრობაც კი გახსნეს.
