“დღეს ხელისუფლებამ განიცადა ყველაზე სერიოზული მარცხი 2024 წლის 28 ნოემბრიდან” – დათო გამცემლიძე

ჟურნალისტი, დათო გამცემლიძე:
“დღეს ხელისუფლებამ განიცადა ყველაზე სერიოზული მარცხი 2024 წლის 28 ნოემბრიდან.
პროკურატურამ მოითხოვა ადმინისტრაციული პატიმრობა პარტია „ახალის“ ორი აქტივისტი გოგონასთვის, მაგრამ სასამართლომ უარყო ეს მოთხოვნა და ისინი მხოლოდ დააჯარიმა.
რატომ არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი პ რ ე ც ე დ ე ნ ტ ი?
დავაკვირდეთ:
დღემდე ადმინისტრაციულ საქმეებზე მოსამართლე და პროკურორი (ფარულად) წინასწარ „აყომარებდნენ“ თუ რას მოითხოვდა პროკურატურა და რა გადაწყვეტილებას მიიღებდა მოსამართლე.
უმრავლეს შემთხვევაში, მოსამართლე, – ამ ფარული წინასწარი კონსულტაციების დროს, – აფრთხილებდა პროკურორს, რომ თუ იგი სხდომაზე მოითხოვდა ადმინისტრაციულ პატიმრობას სასჯელის სახით, მოსამართლე არ დააკმაყოფილებდა, რაც უკვე ღია კონფრონტაცია და პროკურატურის აშკარა მარცხი იქნებოდა.
ამიტომ, ასევე უმრავლეს შემთხვევაში, პროკურატურა ითხოვდა ფულად ჯარიმას, რასაც მოსამართლე (წინასწარი შეთანხმების შესაბამისად) აკმაყოფილებდა.
განსასჯელს სრულად არ ამართლებდა, სამართალდამრღვევად აცხადებდა მაგრამ მხოლოდ აჯარიმებდა – ციხეში არ უშვებდა.
იმ ჯარიმას არც არავინ იხდის და ეს არ არის დიდი ამბავი.
არ ვიცი ამ კონკრეტულ საქმეზეც არსებობდა თუ არა წინასწარი შეთანხმება, მაგრამ დღეს….. ვისთვის მოულოდნელად, ვისთვის მოსალოდნელად…….. შედგა მანამდე უპრეცედენტო და ალბათ „გარდამტეხი“ მოვლენა:
მოსამართლეს გადაწყვეტილება უნდა მიეღო სასამართლო შენობაში და სასამართლოს სხდომათა დარბაზში მიმდინარე ბობოქარი მიტინგის, ანუ სოციალური წნეხის ფონზე;
და…… ამ გარემოში მოსამართლეს აშკარად შეეშინდა (!) პროკურატურის მოთხოვნის დაკმაოფილების, უარყო პროკურატურის მოთხოვნა რაკი „გარეგან წნეხს“ მეტი ანგარიში გაუწია, ესე იგი დარბაზში მყოფ პროტესტანტთა გაბრაზებას მეტად მოერიდა (რაკი განსასჯელთა მხარდამჭერი კლასტერის „რიდი“ უფრო გაუჩნდა) ვიდრე პროკურატურის ესე იგი ხელისუფლების განაწყენებას.
იმიტომ რომ On the ground რისკების შეფასებისას მოსამართლემ ჩათვალა, რომ მას „აქედან“ მეტი პრობლემა შეიძლებოდა შექმნოდა, ვიდრე „იქედან“.
და ალბათ ეს მოსამართლე გაბრაზებულიც იყო ხელისუფლებაზე, რომელმაც ვერ უზრუნველჰყო მისთვის იდილიურად სტაბილური გარემო სასამართლო დარბაზში, როდესაც მოსამართლე გადაწყვეტილებას იღებს მრისხანედ „ზუზუნა სიჩუმის“ პირობებში.
ასე არიან მოსამართლეები მიჩვეულნი მთელს მსოფლიოში და ასე უნდათ რომ იყოს აქაც.
აყალ-მაყალი, მისი „მშობლების ხსენება“ და დარბაზიდან მისკენ ხელების შვერა ამგვარი გარემო არ არის რასაკვირველია.
ამდენად, შეიქმნა უმნიშვნელოვანესი პრეცედენტი, ალბათ გარდატეხაც მთელს პროცესში, რაკი ხელისუფლება (პროკურატურა ესე იგი ხელისუფლება!!) „გატყდა“, დამარცხდა, პრინციპული გადაწყვეტილება ვერ „გაიტანა“ და არ იქნება გადაჭარბება თუ ვიტყვით, რომ ეს არის ის, რასაც დიდი უინსტონ ჩერჩილი უწოდებდა The end of the beginning.
ყველგან, ყოველთვის, თუკი გადავხედავთ ამგვარ პროცესთა მდიდარ ისტორიას მთელს მსოფლიოში, ზუსტად ასე ხდებოდა გარდატეხა:
როცა ხელისუფლება გარეგან ფიზიკურ (!)წნეხს ვერ უძლებდა, სიტუაციას ვეღარ მართავდა კონკრეტულ ლოკაციაზე, პრინციპული, სისტემური გადაწყვეტილება ვერ „გაჰქონდა“ და ტყდებოდა „გარეგანი ზეწოლით“.