თბილისის საქალაქო სასამართლოში, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე შესავალ სიტყვას წარმოთქვამს. ამასთან, გადაისინჯება ყველა მათგანისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.
ადვოკატები ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვენ, ალტერნატივის სახით კი სასამართლოს გირაოს გამოყენებას შესთავაზებენ, რომლის განსაზღვრასაც მას მიანდობენ.
სიტყვით ისარგებლებენ თავად ბრალდებულებიც. სხდომას ესწრებიან დაკავებულების ოჯახის წევრები და მსახიობები.
ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა.
დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.