„ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში“ ცვლილებები შედის. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ამ წესების დაცვა ფინანსურ ორგანიზაციებს მიმდინარე წლის 1-ლი მაისიდან მოუწევთ. აღსანიშნავია, ისიც რომ ცვლილება შეეხება როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს.
სესხებზე წინსწრების საკომისიო მცირდება
კერძოდ, სებ-ის ცნობით, 2025 წლის 1-ლი მაისიდან, ფიზიკური პირებისა და 2 მლნ ლარამდე მოცულობის ჯამური ვალდებულებების მქონე იურიდიული პირებისთვის, სესხის/კრედიტის სხვა ფინანსური ორგანიზაციიდან სრული ან ნაწილობრივი რეფინანსირების შემთხვევაში, წინსწრების საკომისიოს მაქსიმალური ოდენობა 2%-ის ნაცვლად 0.5%-მდე მცირდება.
ეროვნული ბანკის შეფასებითვე, ცვლილების შედეგად, ვალდებულების ერთი ფინანსური ორგანიზაციიდან მეორეში გადატანის ხარჯი შემცირდება, რაც ფინანსურ ორგანიზაციებს შორის კონკურენციის გაძლიერებასა და მომხმარებლისთვის მეტად ხელსაყრელი პირობების შექმნას შეუწყობს ხელს.
აღსანიშნავია, რომ ამ საკითხზე, „პალიტრანიუსისა“ და „რადიო პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“, ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა გზირიშვილმაც ისაუბრა.
როგორც მან განაცხადა, ნებისმიერი ფინანსური ინსტიტუტიდან, რომელიც ეროვნული ბანკის ზედამხედველობას ექვემდებარება, სესხის პორტირება იქნება შედარებით უფრო იაფი.
ამასთან, გზირიშვილმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ცვლილება შეეხება მხოლოდ ახალ, ანუ 2025 წლის 1-ლი მაისიდან გაფორმებულ ხელშეკრულებებს.
წყარო
