““ეს ხელშეკრულება ნათლად მიუთითებს რუსეთს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ერთგული იქნება იმ სამშვიდობო პროცესის მიმართ, რომელიც უზრუნველყოფს თავისუფალ, სუვერენულ და აყვავებულ უკრაინას ხანგრძლივ პერსპექტივაში.
და ვაცხადებ ნათლად, რომ ვერცერთი სახელმწიფო და ვერცერთი ინდივიდი, რომლებიც აფინანსებდნენ და ხელს უწყობდნენ რუსული სამხედრო მანქანის მოქმედებას, მონაწილეობას და გამორჩენას ვერ მიიღებენ უკრაინის აღმშენებლობითი პროცესიდან“
(სკოტ ბესენტი, ამერიკის ფინანსთა მინისტრი, წყარო: CNN)
—————–
სულ ცოტა ხნის წინ უკრაინამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერეს ერთობლივი საინვესტიციო ფონდის შექმნის ხელშეკრულებას.
უკრაინული მხარის განცხადებით: – „ამერიკა პირდაპირ ფინანსურ კონტრიბუციას“ განახორციელებს ამ ფონდში და ამასთანავე „ახალ სამხედრო მხარდაჭერას უზრუნველყოფს“ მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადმოცემის სახით.
გილოცავთ ყველა წესიერ ადამიანს, მიუხედავად პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიებისა ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მიმართ. ლოგიკამ გაიმარჯვა.
ბატონი ბესენტი მართლაც უძლიერესი ფინანსისტი და პოლიტიკოსია. მან ჯერ კიდევ 100 დღის წინ განაცხადა, რომ ეს ხელშეკრულება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო უკრაინისათვის და რომ უკრაინა საბოლოოდ აუცილებლად მოაწერდა მას ხელს. საბედნიეროდ, და როგორც მოსალოდნელი იყო, პუტინის პათოლოგიურმა სიჯიუტემ გადაფარა უკრაინის ხელმძღვანელობის მიერ დაშვებული ტაქტიკური შეცდომები; ამასთან, ამერიკული მხარე უდიდესი მოთმინებითა და კეთილგანწყობით მოეპყრო უკრაინელთა ინტერესებს და მიუხედავად ემოციებით გაპირობებული ვერბალური შეხლა-შემოხლისა, საქმით განუხრელად ერთგული დარჩა უკრაინელი ხალხის სასიცოცხლო ინტერესების მიმართ.
ამრიგად, ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც ვვარაუდობდით.
სულ მალე ბატონი ბესენტის ტარიფებთან დაკავშირებული წინასწარმეტყველებებიც გამართლდება. მართალია, ჩინეთი ძალიან „მაგარი ბიჭის“ როლს თამაშობს, მაგრამ მისმა ეკონომიკამ უკვე მიიღო გამანადგურებელი დარტყმა. ამერიკამ კი მეგობარ ქვეყნებთან და მოკავშირეებთან უკვე დაალაგა ფინანსური სიტუაცია და 6 ტრილიონამდე დოლარის ინვესტიციები უკვე გარანტირებულად მოიპოვა.
რაც შეეხება ბატონი ბესენტის ციტატის იმ ნაწილს, რომელიც უკრაინის აღმშენებლობით პროცესში ჩართვას ეხება, შეგახსენებთ, რომ უკრაინის მიერ რუსეთის წისქვილზე „წყლის დასხმისათვის“ უკვე სანქცირებულები არიან „ქართული ოცნების“ შემქმნელიც და უმაღლესი პარტიული პირებიც. ეს ნიშნავს, რომ საქართველო მონაწილეობას ვერ მიიღებს თავის სამეზობლოში ჩატარებულ გიგანტურ ფინანსურ ოპერაციაში, რასაც ხანგრძლივ პერსპექტივაში მრავალმილიარდიანი შემოსავალი შეიძლება მოეტანა ჩვენი ქვეყნისათვის. ეს რეალობა კარგად უნდა გაიაზრონ ქართული ბიზნესის მესვეურებმა და საერთოდ ყველამ, ვისაც ურყევ არგუმენტად „ოცნების“ მიერ მოტანილი „მშვიდობა“ აკერია პირზე.
დაფიქრდით! იცოდეთ ვის უჭერთ მხარს. მოგეკითხებათ!” – წერს სოციალურ ქსელში მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი და მისისიპის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის კათედრის პროფესორი ზურაბ გურული.