უძრავი ქონების ბაზარზე გადავადებული მოთხოვნის აღდგენის პროცესი დაიწყო – „მონოლით ჯგუფი“

„უძრავი ქონების ბაზარზე დადებითი იმპულსები შეინიშნება“. მონოლით ჯგუფის დირექტორი „საქმის კურსთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ბაზარი გააქტიურდა, რაც სეზონურობას და გადავადებული მოთხოვნის რეალიზებას უკავშირდება. თორნიკე მაისურაძის თქმით, ბაზარი მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა და მარტიდან გადავადებული მოთხოვნის აღდგენის პროცესი დაიწყო.
„ბევრად უფრო დადებითი იმპულსები შეინიშნება. გაზაფხულზე ზოგადად აქტიურდება ხოლმე უძრავი ქონების ბაზარი, რაც არ უნდა უცნაური იყოს გარკვეული სეზონურობა ამ ბაზარსაც ახასიათებს, შესაბამისად მეტ-ნაკლებად შეინიშნება დადებითი იმპულსები, უფრო გააქტიურებულია ბაზარი, შესაბამისად დადებითი მოლოდინებით ვართ და იმედია ეს ყველაფერი გამართლდება.
რაც შეეხება პირველ კვარტალს, დიახ, იყო მნიშვნელოვანი კლება წინა წელთან შედარებით, თუმცა ეს არ იყო განულებული, ცხადია ამაში დიდი წვლილი შეიტანა იმ მოვლენებმა, რაც გვქონდა 2024 წლის შემოდგომის შემდეგ, რადგან ძალიან სენსიტიურია უძრავი ქონების ბაზარი ასეთი მოვლენების მიმართ და მოთხოვნა გადავადდა.
მომხმარებლის გონებაში მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა ბაზარი, მეტ ნაკლებად ადაპტირდა ბაზარი ახალ რეალობასთან და ამის შესაბამისად გაჩნდა მოთხოვნა. გადავადებული მოთხოვნის აღდგენის პროცესი დაიწყო აპრილიდან, მარტშიც პრინციპში“,-აცხადებს თორნიკე მაისურაძე.
„მონოლით ჯგუფის“ ხელმძღვანელი განმარტავს, რომ მოთხოვნის მცირედით შემცირების მიუხედავად მშენებლობის თვითღირებულების ზრდიდან გამომდინარე უძრავ ქონებაზე ფასის კლება მოსალოდნელი არ არის.
„შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ფასების კლება უძრავ ქონებაზე არ გამოვა, მით უმეტეს უახლოეს მომავალში. ერთი მხრივ ჩვენ გვაქვს გალტის და მსგავსი კვლევითი ორგანიზაციის სტატისტიკა, ასევე საქსტატის, რომელიც ამბობს, რომ გაყიდვებში მცირედი კლება შეინიშნება, თუმცა მეორეს მხრივ არსებობს მშენებლობის ინდექსი, სადაც ნათლად ჩანს, რომ არათუ კვარტალიდან კვარტალამდე, არამედ თვიდან თვემდე მნიშვნელოვნად იზრდება მშენებლობის თვითღირებულება. რომ ავიღოთ ყველაზე დიდი მოცულობის სეგმენტი უძრავი ქონების ბაზარზე, ეს არის ეკონომ და საშუალო სეგმენტი, აქ ზღვარი მშენებლობის თვითღირებულებასა და გასაყიდ ფასს შორის არის ძალიან მცირე.
შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ მცირედით შემცირებულია მოთხოვნა, თითქმის შეუძლებელია, რომ უძრავი ქონების ფასები წამოვიდეს უკან. დამერწმუნეთ, რომ იმდენად მცირეა ზღვარი თვითღირებულებასა და გასაყიდ ფასს შორის, მოგების ხარჯზე ამის კომპენსირება ვეღარ მოხდება. პრაქტიკულად გამორიცხულია, რომ მაგალითად მიმდინარე წელს მოხდეს ფასების შემცირება უძრავ ქონებაზე“,-აცხადებს თორნიკე მაისურაძე.