Foreign Press USA-ის კორესპონდენტი, ალექს რაუფოღლუ სოციალურ ქსელში აშშ-სა და უკრაინას შორის მინერალების შეთანხმების დეტალებს აქვეყნებს, რომელსაც ხელი, სავარაუდოდ, დღეს მოეწერება.
რაუფოღლუ წერს, რომ უკრაინის პრემიერმინისტრის, დენის შმიგალის ინფორმაციით, ახალი შეთანხმების თანახმად, უკრაინა რესურსებზე, წიაღისეულსა და ინფრასტრუქტურაზე სრულ კონტროლს ინარჩუნებს.
კორესპონდენტის ინფორმაციით, ფონდში წილები 50/50-ზე განაწილდება და აშშ-ს ექნება შესაძლებლობა, ახალი სამხედრო დახმარება ფონდის კონტრიბუციად ჩაეთვალოს.
რაუფოღლუს მტკიცებით, უკრაინის წილი მხოლოდ ახალი მინერალების ლიცენზიებით იქნება წარმოდგენილი და შეთანხმება არ შეეხება იმ დახმარებას, რომელიც უკრაინას აშშ-მ შეთანხმებამდე გაუწია.
“ფონდი ვალდებული იქნება უკრაინის განვითარებისთვის ინვესტიციები მინიმუმ 10 წლის განმავლობაში განახორციელოს. შეთანხმებით განსაზღვრულია ნულოვანი ტარიფები როგორც აშშ-სთვის, ისე უკრაინისთვის, ხოლო ამერიკული მხარე იღებს ვალდებულებას, სხვა პარტნიორებიც მოიზიდოს”. – წერს კორესპონდენტი.
მისი თქმით, შეთანხმება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას არ ეწინააღმდეგება.
Bloomberg–ის ექსკლუზიური ინფორმაციით, უკრაინამ აშშ-სთან იშვიათი მინერალების შეთანხმებას შესაძლოა დღეს, 30 აპრილს მოაწეროს ხელი.
გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის ეკონომიკის მინისტრი, იულია სვირიდენკო შეთანხმებაზე ხელმოსაწერად ვაშინგტონში მიემგზავრება.
