ლანა გალდავა სუს-ის ანგარიშზე – მთლიანად ანგარიშს ფონად გასდევს ანტი-დასავლური რიტორიკა, რაც არ არის თანხვედრაში საქართველოს ეროვნულ ინტერესთან

მთლიანად ანგარიშს ფონად გასდევს ანტი-დასავლური რიტორიკა, რაც არ არის თანხვედრაში საქართველოს ეროვნულ ინტერესთან და ეს პირდაპირ წისქვილზე ასხამს წყალს ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებზე და არის კაპიტულანტური დამოკიდებულებით დაწერილი, – ამის შესახებ კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველოს” წევრმა ლანა გალდავამ “პალიტრანიუსის” გადაცემა “რეზიუმეში” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2024 წლის ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.
გალდავას შეფასებით, ანგარიში პარტიული მესიჯბოქსით გაჯერებული პოლიტიკური დოკუმენტია.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2024 წლის ანგარიში არის არარელევანტური იმ საფრთხეებთან და გამოწვევებთან, რაც არის ქვეყანაში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიზანი და მისია არის მოქალაქეების უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უზრუნველყოფა და ამოსავალი წერტილი მისთვის უნდა იყოს ეს – საფრთხეების განეიტრალება და ეროვნული უსაფრთხოების მედეგობის გაზრდა.
რაც ვნახეთ წარმოდგენილი დოკუმენტი, ეს არ არის პროფესიული დოკუმენტი, ძალიან სამწუხაროა. ეს არის პარტიული მესიჯბოქსით გაჯერებული პოლიტიკური დოკუმენტი პოლიტიკური ხაზებით. პრაქტიკულად, სუს-ის ანგარიში გადაიქცა ისეთ ყოველდღიურ მესიჯბოქსად, რასაც საუბრობენ “ქართული ოცნების” პოლიტიკური სპიკერები.
პირველ რიგში, წერია, ის, რომ ჰიბრიდული ბრძოლის, დეზინფორმაციის პროპაგანდის მიმართულება აბსოლუტურად გადატანილია დასავლეთის ქვეყნების მიმართულებით. აქ არის, ასევე, ახალგაზრდების „გაშავების“ მცდელობა, იმ ხალხის, რომელიც სწორედ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს იცავს. შეთქმულების თეორიებია მათ წინააღმდეგ აგორებული.
მე ყოველწლიურად ვეცნობი ანგარიშს და მახსოვს ძალიან ბევრი ფანტასტიკის სფეროს ჟანრი. ჩვენ გვახსოვს დაანონსებული “საბურავების რევოლუცია”, ჩვენ გვახსოვს ასევე დაანონსებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის მკვლელობა რომ იგეგმებოდა, ჩვენ გვახსოვს ის ფაქტი, ხალხი რომ ცდილობდა შეჭრას საკანონმდებლო ორგანოში და შემდეგ არ ჩანს, თუ ასეთი რაღაცები ხდებოდა ქვეყანაში, გამოძიება სად წავიდა და თუ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები ხდებოდა, გამოძიება დაიწყო და სისხლის სამართლის პასუხისგებაში არავინ არ მიეცა? რომელი პოლიტიკური ლიდერის მკვლელობა იგეგმებოდა კონკრეტულად? ახლა რომ საუბრობენ კვლავ, რომ პოლიტიკური პირების წინააღმდეგ მიმართულ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე, ამ შემთხვევაში ვინმე არის დაკითხული? კონტრტერორისტული საქმიანობა, კონტრდაზვერვითი საქმიანობის მიმართულებით როცა საუბრობენ, ჯაშუშების მიმართულებით, არც ერთხელ არ გაეცა შეკითხვას პასუხი, ს ფედერაციის წარმომადგენლები არიან დაკავებული ცამეტი წლის განმავლობაში? მაშინ, როდესაც პირდაპირ იდება სურათები და სხვადასხვა მტკიცებულება, რომ მათი პროპაგანდისტული მედიის წარმომადგენლები, რომელთაც დარღვეული აქვთ კანონი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, ამავდროულად “ვაგნერის” ჯგუფის წარმომადგენლები იყვნენ თბილისში და სურათებს დებდნენ სოციალურ ქსელებში – ეს ხომ დადასტურებული ფაქტები იყო.
მთლიანად ანგარიშს ფონად გასდევს ანტი-დასავლური რიტორიკა, რაც არ არის თანხვედრაში საქართველოს ეროვნულ ინტერესთან და ეს პირდაპირ წისქვილზე ასხამს წყალს ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებზე და, რა თქმა უნდა, არის კაპიტულანტური დამოკიდებულებით დაწერილი”, – განაცხადა ლანა გალდავამ.