მე-4 ქვეითმა ბრიგადამ სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა

პროექტის – „ერთი დღე ჯარში“ ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის ძალების მე-4 ქვეით ბრიგადას საჯარო სკოლების მოსწავლეები ესტუმრნენ. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ღონისძიებაში ჩართულები იყვნენ იმ სკოლების წარმომადგენლები, რომელთა სასწავლო პროგრამაშია საგანი – „სამხედრო საქმე“.
„თეორიული სწავლების პარალელურად, მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ ადგილზე გაცნობოდნენ ვაზიანის სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურას, ტექნიკასა და შეიარაღებას, ასევე ჯარისკაცების საცხოვრებელ და სამუშაო პირობებს. სამხედრო მოსამსახურეები სტუმრებს ქვედანაყოფის ისტორიისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპული გმირების შესახებაც ესაუბრნენ. მოგვიანებით, მოზარდებმა ბრიგადის სასადილოში „ჯარისკაცის ულუფაც“ დააგემოვნეს.
„სამხედრო საქმე“ ქვეყნის მაღალმთიანი რეგიონების 18 სკოლაში 2022-2023 სასწავლო წლიდან ისწავლება. საგნის მიმართ გაზრდილი ინტერესის გამო, მიმდინარე სასწავლო წელს პროექტმა უფრო მასშტაბური სახე მიიღო. საპილოტე პროგრამა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ასევე თავდაცვისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების ძალისხმევით დაინერგა. საქართველოს სამხედრო ბაზებზე სტუდენტებისა და მოსწავლეების ვიზიტები რეგულარულად ხორციელდება. მსგავსი ღონისძიებები ახალგაზრდა თაობაში ჯარის პოპულარიზაციასა და ინსტიტუციის მიმართ ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს“,-აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრას აუსტრევიჩუსი – საქართველოს მთავრობამ აღმოსავლური პოპულიზმის გზისკენ გადაუხვია – მოვუწოდებ ქართველ ხალხს, უარი თქვან რუსეთის მხრიდან სახიფათოდ დესტრუქციულ მანიპულაციაზე – თქვენ ევროპას ეკუთვნით