რუსეთმა ჩვენ წინააღმდეგ კვირის დასაწყისიდან 375 დრონი, მათ შორის 190-ზე მეტი „შაჰედები“ გამოიყენა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„ხარკოვი, დნიპრო, დობროპოლია, ჩვენი სხვა ქალაქები და თემები. წუხელ 100-ზე მეტი რუსული თავდასხმის დრონი, კვირის დასაწყისიდან 375 თავდასხმის დრონი, რომელთაგან 190-ზე მეტი „შაჰედებია“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ხარკოვში თავდასხმების ორი ტალღის შედეგად 45-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი.
„დაშავებულებისგან ყველაზე პატარა ასაკის მხოლოდ ხუთი წლისაა. ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება. დაზიანდა საცხოვრებელი რაიონები, საცხოვრებელი კორპუსები, საავადმყოფო და სკოლა. სულ – 13 სამოქალაქო ლოკაცია ქალაქში“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
გარდა ამისა, მისი თქმით, დნიპროში ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა. ასევე დაზარალდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ზელენსკის ინფორმაციით, დობროპილიაში მაღაროს შენობა, ავტობუსები და მსუბუქი ავტომობილები დაზიანდა და ერთი ადამიანი დაიჭრა.
„რუსული დრონები უკრაინის ცაში მთელი დილის განმავლობაში ფრენას აგრძელებენ და ასე – ყოველდღე. სწორედ ამიტომ არის საჭირო რუსეთზე ზეწოლა, დამატებითი მკაცრი სანქციები, რომლებიც იმუშავებს. ზეწოლამ, და არა უბრალოდ სიტყვებმა ან დარწმუნების მცდელობებმა, უნდა აიძულოს რუსეთი შეწყვიტოს ცეცხლი და დაასრულოს ომი. ზეწოლა შეერთებული შტატების, ევროპის და მსოფლიოში ყველას მხრიდან, ვინც თვლის, რომ ომს დედამიწაზე ადგილი არ აქვს. ჩვენ გვჭირდება დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები ჩვენი ხალხის დასაცავად, რაც ამ რუსულ საჰაერო ტერორს შეუძლებელს გახდის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
