დღეს საქართველოს თავდაცვის ძალები თანამედროვე, ტრადიციულ ღირებულებებზე დაფუძნებული სამხედრო ძალაა – ირაკლი ჩიქოვანი

დღეს საქართველოს თავდაცვის ძალები თანამედროვე, ტრადიციულ ღირებულებებზე დაფუძნებული სამხედრო ძალაა – ირაკლი ჩიქოვანი
„საქართველოს თავდაცვის ძალები თანამედროვე, ტრადიციულ ღირებულებებზე დაფუძნებული სამხედრო ძალაა,“ – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ვაზიანის მე-4 ბრიგადაში, თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. მან თავდაცვის ძალების განვითარების გზაზე განხორციელებულ მნიშვნელოვან ეტაპებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართულმა ჯარმა ჩამოყალიბებიდან დღემდე მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციის ეტაპები გაიარა.
„ყველაფერი 34 წლის წინ დაიწყო, როდესაც 1991 წლის 30 აპრილს ოფიციალური გაწვევა გამოცხადდა და ათასობით ახალგაზრდა ენთუზიაზმითა და სიამაყით ეწერებოდა ეროვნული გვარდიის რიგებში. ეროვნულ გვარდიას გამოწვევებით სავსე და ეკლიანი გზა ელოდა წინ ჩვენი სამშობლოს დასაცავად, თუმცა მის ბაზაზე, სამშობლოსათვის თავგანწირვის სულისკვეთებით შეიქმნა და განვითარდა ქართული ჯარი“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
ირაკლი ჩიქოვანმა 34 წლის განმავლობაში ქართული ჯარის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სამხედრო მოსამსახურეებს მადლობა გადაუხადა და განსაკუთრებით გამოყო 117 სამხედრო, რომლებიც თავდაცვის ძალებში 30 წელზე მეტია მსახურობენ და თავდაცვის ძალების განვითარების ცოცხალ ისტორიას განასახიერებენ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ 34 წლის განმავლობაში ქართულმა ჯარმა არაერთი სტრუქტურული და ინსტიტუციური ტრანსფორმაცია განიცადა. 1995 წლის კონსტიტუციით საქართველოს ჰყავდა შეიარაღებული ძალები, რომელიც ომის დროს სხვა სტრუქტურებთან ერთად შედიოდა სამხედრო ძალების შემადგენლობაში. 2018 წლის საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად კი, ჩამოყალიბდა ერთიანი სტრუქტურა და მას ეწოდა საქართველოს თავდაცვის ძალები.
ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის ძალების გაძლიერებაში, თანამედროვე შეიარაღებით აღჭურვასა და შესაბამისი წვრთნებით უზრუნველყოფაში განსაკუთრებით აღნიშნა საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა, მხარდაჭერა და პარტნიორ ქვეყნებს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიმართულებით გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა.