ლაშა ტუღუში – „ქართულ ოცნებას“ არ ესმის, რომ ძლიერი სოლიდარობა, რომელიც ქვეყანაშია, არ არის დაკავშირებული მხოლოდ სამ თუ ოთხ ფონდთან – ახალგაზრდებს ვერ გამოცვლი, ვერ შეცვლი, ისინი თავისუფალი მოქალაქეები არიან

ეს არის პროცესი, რომლის მიზანია, ქვეყანაში დიქტატურა ააშენონ – როდესაც დიქტატურას აშენებენ, ცხადია, ყოველთვის ეძებენ საბაბს, იგონებენ გადატრიალებებს, რევოლუციებს – ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობენ მოძებნონ სუსტი წერტილები, ვერ პოულობენ და ამიტომ, შეცდომებს შეცდომებზე უშვებენ,- ასე შეაფასა „ლიბერალური აკადემიის“ თავმჯდომარემ, ლაშა ტუღუშმა „პალიტრანიუსის გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ რამდენიმე ფონდის ხელმძღვანელის სახლებში გუშინ ჩატარებული ჩხრეკა.
როგორც ტუღუშმა აღნიშნა, ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ დივერსია და საბოტაჟი ნამდვილად მიმდინარეობს, ოღონდ „ქართული ოცნების“ მხრიდან.
„ეს არის პროცესი, რომლის მიზანია, ამ ქვეყანაში დიქტატურა ააშენონ. ეს არის ცხადი. ყველა ნიშანს ვხედავთ იმისა, თუ რა პოლიტიკურ პროცესთან გვაქვს საქმე. როდესაც დიქტატურას აშენებენ, ცხადია, ყოველთვის ეძებენ საბაბს, იგონებენ რაღაცებს, იგონებენ გადატრიალებებს, რევოლუციებს, სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებებს. რაღაც შეთქმულების თეორიები ამ დროს უხვად არის, ასევე, „დიფსთეითები“, „გლობალური ომის პარტიები“. გასაგებია, ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობენ მოძებნონ სუსტი წერტილები, ვერ პოულობენ და ამიტომ, შეცდომებს შეცდომებზე უშვებენ. მე თუ მკითხავთ, ზუსტად დემოკრატიული ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟი, დივერსია მიმდინარეობს და ამას აკეთებს ის ძალა, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ თითქოსდა, ამ ქვეყნის ლეგიტიმური ხელისუფლებაა. სახელმწიფო გადატრიალება ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს და ამ პროცესს თავისი ავტორები ჰყავს. [„ქართულ ოცნებას“ სახელმწიფო გადატრიალება იმიტომ უნდა, რომ] აშენებენ სხვა სახელმწიფოს, რომელიც საქართველოს მოქალაქეების დიდ უმრავლესობას არ უნდა. ეს არის სახელმწიფო, რომელსაც დიქტატორულ რეჟიმის სახელმწიფო ჰქვია. აი, ამას აშენებენ. დღეს, ჩვენ ვართ ამ გარდამავალ პროცესში. პროტესტი, რომელიც ქუჩაშია სწორედ ამის წინააღმდეგ არის მომართული. ისინი ცდილობენ, რომ ეს პროტესტი დაანგრიონ, დაშალონ, საქართველოში ინსტიტუტები, სისტემები გაანადგურონ, რომლებიც იბრძვიან იმისათვის, რომ საქართველო იყოს დემოკრატია“, – განაცხადა ტუღუშმა.
როგორც ტუღუშმა ამავე თემაზე საუბრისას განაცხადა, „მათ [„ქართულ ოცნებას“] არ ესმით, რომ ეს ძლიერი სოლიდარობა, რომელიც ქვეყანაშია, არ არის დაკავშირებული სამ და ოთხ ადამიანზე, ან სამ თუ ოთხ ფონდთან“.
„ეს ბრძოლა, რომელსაც აწარმოებენ, გუშინ ჩვენ, რაც ვიხილეთ, ეს მართლაც ტერორი, პოლიციური თუ რაღაც მსგავსი, შედეგს ვერ მოიტანს, რადგან განწყობებს ხალხში ვერ შეცვლი, ახალგაზრდებს ვერ გამოცვლი, ვერ შეცვლი. ისინი არიან თავისუფალი მოქალაქეები. მათ უნდათ თავისუფალი მოქალაქეების მიერ შექმნილ სახელმწიფოში იცხოვრონ და არა რაღაც, ერთპიროვნულ დიქტატურაში თანაცხოვრებით დატკბნენ. საინტერესო ამბავია, როდესაც დიქტატურას აშენებენ, იქ ქველმოქმედი მხოლოდ ერთი პიროვნება უნდა იყოს. იქ არ შეიძლება, სოლიდარობა გართოდ გავრცელებული არსებობდეს. იქ სოლიდარული, ნებართვის მიმცემი, მხოლოდ ერთი პირი უნდა იყოს. [სოლიდარობა] ნებადართული უნდა იყოს, ვიღაცის წყალობით უნდა იყოს გაკეთებული. ამას ვხედავთ, რას ებრძვიან. დიქტატურას, ავტორიტარიზმს, ან რაღაც ჰიბრიდულ სისტემებს, ყოველთვის ეშინიათ თავისუფალი ადამიანების, მით უფრო თავისუფალი სიტყვის, მით უფრო, ქუჩაში თავისუფალი საზოგადოების თავისი ნების გამოხატვის. ეშინიათ და ამიტომაც ჩადიან ასეთ გაუგებარ მოქმედებებს და ცდილობენ გაამართლონ“, – განაცხადა ტუღუშმა.
მისივე თქმით, „პარანოიის ნათელი გამოხატულებაა, როდესაც ორსულ ქალს საწოლში შეუვარდები“.
„ესეც ახასიათებს, რომ არ ინდობს არავის. მისთვის სულერთია ის მზად არის, რომ პატარა ბავშვი ატიროს, ქალი დაამციროს. თვითონ თავს ხომ დებენ, რომ ვაჟკაცობა, ქალი ქალია და ა.შ, პაროდიაა ეს ყველაფერი. მართლა მაინტერესებს, ვაჟკაცის დამახასიათებელია, რომ ორსულ ქალს საძინებელში შეუვარდე?“ – აღნიშნა ტუღუშმა.
ტუღუში ფიქრობს, რომ „ლოგიკურია, ამ ყველაფერს სანქციები მოჰყვეს“.
გარდა ამ თემისა, ტუღუში გამოეხმაურა გაფართოების საკითხებში ევროკომისრის მარტა კოსის განცხადებას საქართველოსთან დაკავშირებით, რომელიც მან „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში გააკეთა. ტუღუში მიიჩნევს, რომ ევროპაში „ძალიან დიდი პრობლემებია და როდესაც ეს დამთავრდება, ჩვენ ძალიან სავალალო მდგომარეობაში აღმოვჩნდებით“.
„ევროკომისარმა თქვა, რომ დაბალ დონეზე იქნება დისკუსიები და ეს ჩვეულებრივი ამბავია, ასეც უნდა იყოს, ინფორმაცია უნდა გაიცვალოს. ამავე დროს, მან ძალიან ცუდი რაღაცებიც თქვა. მან თქვა, რომ [საქართველო] ფორმალურად კანდიდატი ქვეყანაა, ასევე, ახსენა ვიზაც, თავისუფალი ვაჭრობა და ასოცირების ხელშეკრულება. ეს ის დიდი მიღწევებია, რომელიც საქართველოს აქვს, მან ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა და თქვა, რომ ხომ არ „შევაჩეროთ“, „გავყინოთ“. ასე მარტივად არ არის საქმე, სამწუხაროდ. ევროპა ამას ხედავს. უბრალოდ, იქ ძალიან დიდი პრობლემებია, განსაკუთრებით, ომი ში. მთელი აქცენტი აქეთ არის გადატანილი და შესაბამისად, შეიძლება ჩვენ ვერ ვგრძნობდეთ ისეთ დიდ ყურადღებას, მაგრამ ადრე თუ გვიან, ეს დამთავრდება და ჩვენ აღმოვჩნდებით ძალიან სავალალო მდგომარეობაში. რა გინდა? გინდა, რომ იყო ცივილიზაციის ნაწილი? გინდა იყო დემოკრატიული სივრცის ნაწილი? თუ გინდა, გერმანიის, საფრანგეთის, ბრიტანეთის, იტალიის, ესპანეთის და ა.შ. მათი აზრი ხომ მნიშვნელოვანია? ეს ხომ სხვა საზოგადოებებია. თუ არ უნდათ, უკვე მერამდენედ ვეუბნებით – არ გინდათ ცივილიზაცია? გინდათ ორღობე იყოთ? კი ბატონო, თქვით მაინც“,- აღნიშნა ტუღუშმა.