გუშინდელი ტერორის დღე იყო „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი ნაბიჯი საერთაშორისო საზოგადოების წინააღმდეგ და მათთვის გაგზავნილი მესიჯი. ვერავინ დამაჯერებს, რომ ევროპისთვის და ამერიკისთვის გუშინდელი დღე მისაღები იყო. ეს იყო ადამიანობისთვის და დემოკრატიისთვის სილის გაწვნა. ეს კი ძალიან მძიმე შედეგებს მოიტანს ჩვენი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში, „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც რამდენიმე ფონდის ხელმძღვანელის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას გამოეხმაურა.
როგორც ჩიხრაძე აცხადებს, საქართველოში მიმდინარე პროცესები ძალიან ჰგავს რუსეთსა და ბელარუსში განვითარებულ მოვლენებს.
„საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიული სტანდარტისგან ძალიან არის დაშორებული. ეს არის სამწუხარო რეალობა. ეს არის რუსული სტანდარტი. თუ ვინმეს თვალყური უდევნებია, როგორ მოკლეს დემოკრატია რუსეთში, როგორ გაანადგურეს დემოკრატია ბელარუსში, ძალიან ბევრ მსგავსებას დაინახავს.
როდესაც ყალიბდება რეპრესიული სადამსჯელო მანქანა ის ერთნაირად მოქმედებს, როგორც 1937-იან წლებში, 1924 წელს მომხდარი აჯანყების შემთხვევაში, ასე იქცეოდა წინა ხელისუფლება, როდესაც ადამიანის უფლებებს არღვევდნენ და ასეთი გაუგონარი რეფორმები მიიღო დღევანდელმა ხელისუფლებამაც. ეს უმძიმესი სანახავი იყო“, – განაცხადა მან.
რაც შეეხება გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუს, სადაც დიპლომატმა საქართველოს ხელისუფლებასთან შესაძლო სამომავლო ურთიერთობაზე ისაუბრა, ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა, რომ ევროკავშირი ქართველი ხალხის მხარდაჭერას აგრძელებს და ქვეყანაზე ხელი არ აქვს ჩაქნეული.
„მარტა კოსის განცხადება არანაირ კითხვას არ აჩენს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა თქვან, რომ დაამთავრეს საქართველოსთან ყველანაირი ურთიერთობა, გაყინულია სტატუსი და გაუქმდება ვიზალიბერალიზაცია. მათ ეს განწყობა არ აქვთ. მისი განცხადება არის დამაიმედებელი თითოეული ქართველისთვის, რომ მათ მარტივად არ ჩაიქნიეს ხელი ჩვენზე. „ქართული ოცნება“ ისე იქცევა, რომ მათთვის კარი დიდი ხანია დახურული უნდა იყოს. იქამდე სანამ „ოცნება“ არის ხელისუფლებაში ოფიციალური არხებით მათთან საუბრობენ და ეუბნებიან, რომ კიდევ აქვთ შესაძლებლობა გადადგან ნორმალური ნაბიჯები. ამ ნაბიჯებს შორისაა ის, რასაც ჩვენ ვითხოვთ- ქვეყანაში არის კრიზისი და კრიზისის განმუხტვა და მისი განმუხტვა უნდა მოხდეს მთელი რიგი მიმართულებებით. ქვეყანას არ უნდა ჰყავდეს პოლიტპატიმრები, კრიზისი უნდა განიმუხტოს მხოლოდ არჩევნების გზით და არა რეპრესიებით“, – განაცხადა მან.
ამასთან, ჩიხრაძე მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის არჩევანი მხოლოდ მისი ფინანსური კეთილდღეობა და ძალაუფლებაა, რის შესანარჩუნებლადაც ყველაფერს გააკეთებს.
„ქართულ ოცნებას“ არ უნდა ქვეყანაში დემოკრატიის ნიშანწყალი არსებობდეს. ბუნებრივია, ჩვენი პარტნიორები მათ ეუბნებიან, რომ ასე ისინი საკუთარ თავსაც ცუდ მდგომარეობაში ჩაიგდებენ და ქვეყანასაც ძალიან მძიმე პერსპექტივას უქმნიან. თუმცა, მათთვის ბიძინა ივანიშვილის არჩევანია მთავარი.
ჩვენ დავინახეთ, რომ ბიძინა ივანიშვილის არჩევანი არის მხოლოდ მისი ფინანსური კეთილდღეობა და ძალაუფლება. ამ ორი რამის შენარჩუნება მას შეუძლია მხოლოდ რუსული გავლენის ქვეშ. მას აქვს სანქციების შიში და ამიტომ დაიწყო ქონების გადანაწილება სხვადასხვა მიმართულებით, რომ არ აღმოჩნდეს ძალიან სერიოზული ფინანსური დარტყმის ქვეშ. ივანიშვილი ახლა ქონების გადამალვით არის დაკავებული, რადგან სანქციების შიში აქვს. მის დაქვემდებარებაში მყოფი ადამიანები ძალიან ნერვიულობენ. მათ ცხადად იციან, რომ ვერ გაექცევიან სამართალს“, – განაცხადა მან.
