ინდოეთის ქალაქ კოლკატაში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში გაჩენილ ხანძარს 14 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 2 ბავშვი, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ცნობით, ცეცხლი სასტუმრო რიტურაჯის პირველ სართულზე, სამზარეულოსთან ახლოს მდებარე ოთახში გაჩნდა, ხოლო შემდეგ ხანძარმა და კვამლმა მთელი შენობა მოიცვა.
„დაღუპულთა უმეტესობა სასტუმროს კიბეებზე იპოვეს. სიკვდილის მიზეზი , სავარაუდოდ, ასფიქსია იყო. ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება დაიწყო“, – განაცხადა დასავლეთ ბენგალის შტატის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, სუჯიტ ბოსემ.
პოლიციის ინფორმაციით, შემთხვევის დროს ექვსსართულიან სასტუმროს შენობაში 50 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან უმეტესობის ევაკუაცია კი სასტუმროს ოთახებიდან და სახურავიდან განხორციელდა.
„ბევრმა სტუმარმა ხანძარს დროულად დააღწია თავი, თუმცა ერთი ადამიანი შიშისგან სახურავიდან გადახტა და დაიღუპა“, – განუცხადა ჟურნალისტებს კოლკატის მერმა, ფირჰად ჰაკიმმა.
