ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით მოვაჭრეები პირველ კომენტარს აკეთებენ.
როგორც ისინი აცხადებენ, ხანძარი დაახლოებით 6:00 საათზე გაჩნდა.
“სულ ყველაფერი დაიწვა, არაფერი დარჩა. კოშმარი იყო ისეთი დაკვამლიანება იყო. მეორეული ტანსაცმლის ნაწილიც დამწვარია. ერთიანად არის გაჩენილი ხანძარი. ისეთი შავი კვამლი გამოდიოდა….”, – აღნიშნავენ მოვაჭრეები.
მათივე თქმით, ცეცხლი ტერიტორიაზე სწრაფად გავრცელდა.
“როდესაც მოვედი, 06:15 საათი იყო. დავრეკეთ მალევე სამაშველო სამსახურში. ხანძარი მალე გავრცელდა”, – აღნიშნავს კიდევ ერთი მოვაჭრე.
როგორც მოვაჭრეები განმარტავენ, დამწვარია სასაწყობე ფართები, სადაც განთავსებული იყო მეორეული ტანსაცმელი, ხილ-ბოსტნეული და სხვადასხვა სახის პროდუქტი.
ამ წუთებში მოვაჭრეები ცდილობენ სასაწყობე ფართების ის ნაწილი დაცალონ, სადაც ხანძარი არ არის.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან. არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
