მოთხოვნა არის არა გათავისუფლება, არამედ ხელისუფლების ჩართულობა მოლაპარაკებებში – იურისტი მოშიმშილე მაღაროელებზე

დაკავებული მაღაროელები, მერაბ სარალიძე და გიორგი მეფარიძე შიმშილობენ არა გათავისუფლების, არამედ მოლაპარაკებების მოთხოვნით – ეს ინფორმაცია ადვოკატმა მარიამ პატარიძემ გაავრცელა ქუთაისის დროებითი დაკავების იზოლატორში მათი მონახულების შემდეგ.
“მათი შიმშილობის მოთხოვნა არ არის მათი გათავისუფლება. მათი შიმშილობის მოთხოვნა არის, რომ ცენტრალური ხელისუფლება ჩაერთოს მოლაპარაკებების საკითხებში მშრომელებთან, მაღაროელებთან, კომპანიის და ყოველგვარი სხვა აქტორების მონაწილეობის გარეშე”, – ამბობს პატარიძე და აზუსტებს, რომ “სხვა აქტორებში”, გარდა კომპანიისა, იგულისხმება პროფკავშირიც.
კიდევ ერთი გზავნილი, რაც ადვოკატს დააბარეს, არის, რომ ერთგულები რჩებიან ყველა იმ მოთხოვნის, რისთვისაც ორ თვეზე მეტია უწყვეტად იბრძვიან თანამებრძოლებთან ერთად. მაღაროელები ამბობენ, რომ მათი თავისუფლება ამ მოთხოვნების დათმობის სანაცვლოდ ვაჭრობის საგანი არ გახდება.
სარალიძე და მეფარიძე, კიდევ ორ მაღაროელთან, აჩიკო ჭუმბურიძესა და თენგო გველესიანთან ერთად 29 აპრილს, გამთენიისას დააკავეს. გამოძიება მათ ედავება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, რაც ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
მარიამ პატარიძის ინფორმაციით, დაკავებულები ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებენ. ბრალს ოფიციალურად 30 აპრილს წარუდგენენ. ამავე დღეს გაიმართება აღკვეთოს ღონისძიების სხდომა. იურისტი ვარაუდობს, რომ პროკურატურა მათ პატიმრობას მოითხოვს. თავად კი აპირებს საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფთა გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენოს. მისი ინფორმაციით, დაკავებულთაგან ორი საერთოდ არ იმყოფებოდა ადგილზე იმ ინციდენტის დროს, რაზეც გამოძიება მიუთითებს. უფრო მეტი დეტალი უშუალოდ სხდომაზე გახდება ცნობილი.
“ინციდენტი, რომელთან დაკავშირებითაც ჭიათურელები გუშინ ღამით პოლიციამ დააკავა, 28 აპრილს თხილისწყლის მაღაროს მიმდებარე ტერიტორიაზე პროტესტის მონაწილეებსა და შუქრუთის მაღაროს დირექტორს შორის მოხდა. დაკავებულების ნაწილი ჭიათურაში „ჯორჯიან მანგანეზის“ მაღაროებში მუშაობს, ხოლო გიორგი ნეფარიძე შუქრუთის მცხოვრებია და უკვე წლებია, სოფელ შუქრუთში კომპანიის სამთო-მოპოვებითი საქმიანობის შედეგად გამოწვეულ ზიანს და სახლების დანგრევას აპროტესტებს”, – აცხადებენ სოციალური სამართლიანობის ცენტრში.