საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შექმნილი „წინააღმდეგობის პლატფორმა“ რამდენიმე ფონდის ხელმძღვანელების სახლებში ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„წინააღმდეგობის პლატფორმის“ შეფასებით, ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, თუ როგორ აწუხებ „ქართულ ოცნებას“ საქართველოს მოქალაქეების პროტესტი და რომ „ქართული ოცნების“ მოქმედების ერთადერთი მოდუსი რეპრესიებია.
„დღეს რეჟიმის სამართალდამცველები პროპაგანდისტული ამოცანებისთვის ხუთი სხვადასხვა მოქალაქის სახლში შევარდნენ, რომელთა ნაწილიც იმ სამოქალაქო ფონდებთან არის კავშირში, რომლებიც მოქალაქეებს დრაკონულ ჯარიმებთან, სისხლის სამართლებრივ დევნასთან და რეჟიმის სხვა რეპრესიულ ზომებთან გამკლავებაში ეხმარებიან.
ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, თუ როგორ აწუხებთ მათ საქართველოს მოქალაქეების პროტესტი და რომ „ქართული ოცნების“ მოქმედების ერთადერთი მოდუსი რეპრესიებია – ისინი ვეღარ მართავენ, მათ მხოლოდ მოქალაქეების დევნა შეუძლიათ.
ამით რეჟიმი ცდილობს საკუთარი მომხრეების დარწმუნებას, რომ ორსული ქალი მცირეწლოვანი ბავშვით საბოტაჟსა და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ საქმიანობაში იყო ჩართული, მიტაცებული სახელმწიფოს პირობებში კი არ არსებობს ინსტიტუტი, რომელიც დაიცავს პროპაგანდისტული ამოცანებისთვის თარგეტირებულ მოქალაქეებს, მათ სიმართლეს და სამართლიანობას.
„წინააღმდეგობის პლატფორმა“ იმოქმედებს საქართველოს მოქალაქეთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით და იმ ადამიანების ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად, რომლებმაც ამ უკანონო რეიდების დაგეგმვასა და აღსრულებაში მიიღეს მონაწილეობა.
პლატფორმა აგროვებს ყველა ამ ადამიანის მონაცემს და გააკეთებს ყველაფერს, რომ უკანონო გადაწყვეტილებების გამცემ და შემსრულებელ პირებს ჩვენი მოკავშირეების მხრიდან დაუწესდეთ სანქციები“, – ნათქვამია განცხადებაში.
