ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, რომ დააკავონ

დასრულდა ჩხრეკა ჟურნალისტისა და „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის ბინაში – პროკურატურის თანამშრომლები მის ბინაში შვიდი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ.
ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბინიდან წაიღეს ყველა სახის ელექტრონული მოწყობილობები, მათ შორის გაფუჭებული ტელეფონები და მისი შვილების დაბადების დღეებისა და ნათლობის ვიდეოჩანაწერებიც კი.
„დილით მივიღე შეტყობინება ჩემი ადვოკატისგან, რომელიც ასევე არის „ფროსფერითი“ ადვოკატი – მითხრა, რომ იქ იყვნენ ჩხრეკაზე. ამის შემდეგ ჩემი შვილი, მარიამი [გეგუჩაძე], წავიდა სამსახურში და მითხრა, რომ ეზოში იყო ბევრი პოლიციელი. მივხვდი, რომ ჩხრეკაზე შემოდიოდნენ“, – იხსენებს ნანუკა ჟორჟოლიანი.
ის არ გამორიცხავს, რომ გასაჩერებლად პროკურატურამ ბრალი წაუყენოს, შემდეგ კი დააკავონ:
„ჯერ დაგვაყადაღეს და ამით გვითხრეს, რომ გავჩერებულიყავით. არ შევჩერდით. ახლა მეორე ეტაპი იყო ჩხრეკაზე შემოსვლა. მე ხომ არ შევჩერდები? – შემდეგი ეტაპი იქნება, ბრალს წამიყენებენ. მერე ისევ არ შევჩერდები და ბოლოს მეტყვიან, თუ არ მოისვენებთ, ბორკილებს დაგადებთო“.
დღეს, 29 აპრილს, დილას პროკურატურის თანამშრომლები გამოჩნდნენ ტელეწამყვანისა და „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის; მისი შვილის, აქტივისტ მარიამ გეგუჩაძის; აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის; არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილისა და ფონდის, „ერთმანეთისთვის 24/7-ის“ დამფუძნებლის, გუგა ხელაძის საცხოვრებელ ბინებში.
მოგვიანებით პროკურატურის პრესსამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომლიდანაც გაირკვა, რომ ჩხრეკა ჩატარდა „საბოტაჟის“ მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში.
„გამოძიებისთვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის და დოუკუმენტაციის მოპოვების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემულ იქნა განჩინებები ე.წ. ფონდების ხელმძღვანელი პირების – ნანა ჟორჟოლიანის, ალექსანდრე ცქიტიშვილის, ლაშა არველაძის, გუგა ხელაიას და მარიამ ბაჯელიძის ფაქტობრივ და რეგისტრაციის მისამართებზე არსებული საცხოვრებელი სახლებისა და პირადი ჩხრეკების თაობაზე, რომლის საფუძველზეც საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფები ატარებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს“, – წერია პროკურატურის განცხადებაში, რომელშიც ასევე აღნიშნულია, რომ ეს ფონდები და არასამთავრობო ორგანიზაციები „მონაწილეობდნენ საზოგადოებრივი წესრიგის წინააღმდეგ ჩადენილი მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებული პირების და მათი ოჯახის წევრების ფინანსურ უზრუნველყოფაში ისევე, როგორც სამართალდამრღვევი პირებისათვის დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმების გადახდაში“.
„საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების“ კვალიფიკაციით აღძრული საქმის ფარგლებში, საგამოძიებო უწყების მოთხოვნით, მიმდინარე წლის 17 მარტს მოულოდნელად დააყადაღეს იმ ფონდების და ორგანიზაციების („ნანუკას ფონდი“, „სირცხვილია“, „ფროსფერითი“, „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“, „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“) ანგარიშები, რომლებიც პროევროპული აქციების მონაწილეთა ჯარიმებსა და საჭიროებებს ფარავდნენ. საქმე მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიმართვის საფუძველზე თებერვალში აღიძრა.
ამ არასამთავრობო და საქველმოქმედო ორგანიზაციებს აქციებისთვის საჭირო ინვენტარის შეძენას და აქციებზე დაკავებული ადამიანების ოჯახების დახმარებას ედავებიან, რაც კვალიფიცირებული აქვთ, როგორც „კანონსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენი პირების წახალისება“.
„კონკრეტული ფონდების ორგანიზაციული და ფინანსური საქმიანობა მიმართულია სამართალდამრღვევი პირების და მათი ოჯახის წევრებისთვის მატერიალური დახმარების უზრუნველსაყოფად. ხდება სამართალდამრღვევი პირების სასარგებლოდ ჯარიმების გადახდა და სხვა სახის პირადი თუ ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა“, – ეწერა პროკურატურის განცხადებაში.
2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ ოთხ თვეზე მეტია გასული – ამ დროის განმავლობაში არ წყდება დემონსტრაციები ახალი ს ჩატარებისა და “სინდისის პატიმრების” გათავისუფლების მოთხოვნით. ხალხმრავალი აქციები გამოიწვია „ქართულ ოცნებაში“ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც, „2028 წლამდე“ დღის წესრიგში აღარ დააყენებენ ევროკავშირთან გაწევრებაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.
აქციების დაწყების შემდეგ, დემონსტრაციების შესაზღუდად „ქართულმა ოცნებამ“ კანონები გაამკაცრა – შეკრებებზე აკრძალა ლაზერების გამოყენება და სახის დაფარვა, გაზარდა ჯარიმები გზის გადაკეტვასა და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის. ასევე 15-დან 60 დღემდე გაზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადაც. ამ შეზღუდვების ამოქმედების მიუხედავად, დემონსტრაციები არ შეწყვეტილა, აღნიშნული ფონდები კი დაჯარიმებულ მოქალაქეებს სახდელის გადახდაში ეხმარებოდნენ.