ალეკო ცქიტიშვილი ჯერ ავტობუსიდან ჩამოიყვანეს, შემდეგ მისი ბინა გაჩხრიკეს

არასამთავრობო ორგანიზაციის, “ადამიანის უფლებათა ცენტრის” ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილის თქმით, პროკურატურის თანამშრომლებმა მის მიმართ დღეს, 29 აპრილს, ორი საგამოძიებო მოქმედება ჩაატარეს: ჯერ პირადი ჩხრეკის მიზნით ავტობუსიდან ჩამოიყვანეს, ჩამოართვეს მობილური ტელეფონი და ქუჩაში გააცნეს მისი სახლის ჩხრეკის თაობაზე მოსამართლის განჩინება.
“ჩამომიყვანეს ავტობუსიდან და ქუჩაში გამჩხრიკეს, ესწრებოდა ერთ-ერთი ჩვენი მეგობარი ლუკა ცხვედიანი. ძირითადად კარგად იქცეოდნენ, თუმცა ეს გამოძიება ეხება უკანონო საქმიანობას, ე.წ. სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს, ჩემი კომენტარი ისაა, რომ თვითონ ეს საქმიანობა პროკურატურის და ივანიშვილის რუსული რეჟიმის, არის მთლიანად უკანონო, ის გამოძიება, რაც დაწყებულია “თბილისის ადამიანი უფლებათა სახლის” წინააღმდეგ, არის მთლიანად უკანონო გამოძიება და დევნა მიმდინარეობს უფლებადამცველი ორგანიზაციების, მთლიანად ეს მოქმედებები არის უკანონო.
პირადი ჩხრეკის შემდეგ გამაცნეს მეორე განჩინება და გაჩხრიკეს ჩემი სახლი – ამოიღეს სამსახურის ლეპტოპი, ჩემი პირადი ტელეფონი ამოიღეს პირადი ჩხრეკისას, ეს საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. გამოკითხვაზე, ალბათ, დამიბარებენ, ამას შეიძლება მოჰყვეს დაკავება, მე ყველაფრისთვის მზად ვარ, ბრძოლა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ გრძელდება, შესაბამისად, უფლებადამცველი ორგანიზაციები გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას”, – თქვა ალეკო ცქიტიშვილმა თავის სახლთან მედიასთან კომენტარში.
მისი ადვოკატის, ნესტან ლონდარიძის განცხადებით, “ეს არის საქმე, რომელიც ფონდების წინააღმდეგაა აღძრული. სასამართლოს მიმართეს ჩხრეკის თაობაზე (პროკურატურამ რედ.) და ამ ჩხრეკის დადგენილების საფუძველზე შევიდნენ, მუხლი არის იგივე – საბოტაჟი და სხვა სახელმწიფოსთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება”.
დღეს, 29 აპრილის დილას, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები გამოჩნდნენ ტელეწამყვანისა და „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანისა და აქტივისტის, მარიამ ბაჯელიძის საცხოვრებელ ბინებშიც.
ამ ჩხრეკასთან დაკავშირებით პროკურატურას განმარტება არ გაუვრცელებია, თუმცა „საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების“ კვალიფიკაციით აღძრული საქმის ფარგლებში მიმდინარე წლის 17 მარტს, საგამოძიებო უწყების მოთხოვნით, მოულოდნელად დააყადაღეს იმ ფონდების და ორგანიზაციების („ნანუკას ფონდი“, „სირცხვილია“, „ფროსფერითი“, „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“, „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“) ანგარიშები, რომლებიც პროევროპული აქციების მონაწილეთა ჯარიმებსა და საჭიროებებს ფარავდნენ. საქმე მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიმართვის საფუძველზე თებერვალში აღიძრა.
აქციების დაწყების შემდეგ, დემონსტრაციების შესაზღუდად „ქართულმა ოცნებამ“ კანონები გაამკაცრა – შეკრებებზე აკრძალა ლაზერებისა გამოყენება და სახის დაფარვა, გაზარდა ჯარიმები გზის გადაკეტვასა და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის. ასევე 15-დან 60 დღემდე გაზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადაც. ამ შეზღუდვების ამოქმედების მიუხედავად, დემონსტრაციები არ წყდებოდა, აღნიშნული ფონდები კი დაჯარიმებულ მოქალაქეებს სახდელის გადახდაში ეხმარებოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ “როდესაც უსაფრთხოების გარანტიებზე ვსაუბრობთ, მთელი ევროპის უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ” და ევროპა ტრამპთან, პუტინთან და ზელენსკისთან მოლაპარაკებებში უნდა იყოს წარმოდგენილი