მარიამ ბაჯელიძის სახლში ჩხრეკა დასრულდა – მისი თქმით, ამოიღეს მობილური ტელეფონი და წაიღეს ძველი ლეპტოპი. ბაჯელიძის თქმით, საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა ვატო შაქარაშვილის მიმართვის საფუძველზე დაწყებული გამოძების ფარგლებში, რაც „საბოტაჟს” გულისხმობს.
„დაახლოებით, 9-ის წუთებზე კარზე ბრახუნის შემდეგ რომ დავინტერესდი რა ხდებოდა, მითხრეს, მეზობელი ვარო, ქალი ვინც იყო. რომ გავიხედე, მივხვდი, რომ არ იყო მეზობელი, ჩანდა კიდევ სამი ადამიანი, მათ შორის სამხრე კამერასაც მოვკარი თვალი და ვკითხე, რა ხდება. მითხრეს, რომ პროკურატურიდან არიან, აქვთ ჩხრეკის უფლება, აქვთ უფლება, რომ მათ შორის ძალისმიერი მეთოდით შემოვიდნენ სახლში, ამიტომ ჯობია, რომ კარი გავუღო. ადვოკატთან დაკავშირება ვცადე, მაგრამ ვერ მოვახერხე და იმის გამო, რომ არასრულწლოვანთან, 7 წლის შვილთან ერთად ვიყავი სახლში, დამატებითი სტრესის თავიდან არიდების მიზნით, შემოვუშვი. მათი მთავარი მიზანი იყო, რომ ჩემი მობილური ამოეღოთ, როცა დავიწყე ვიდეოს გადაღება და შემდეგ ლაივში გავედი, ამან ძალიან გააღიზიანათ და მითხრეს, რომ არ მქონდა გადაღების უფლება და უნდა ჩამოერთვათ ტელეფონი.არ ვაძლევდი ნებით, მაგრამ წამართვეს.
ამის შემდეგ, როცა მობილური წაიღეს, ამიხსნეს, რომ არიან მოსული საბოტაჟის მუხლით დაწყებულ გამოძიებაზე, ასევე, უცხოეთიდან დაფინანსების შესახებ რაღაც კანონი მიხსენეს. ვკითხე, იყო თუ არა ეს ვატო შაქარაშვილის წამოწყებული აფიორის ნაწილი და დამეთანხმნენ, რომ იგივე საქმე არის. ამასობაში, აღმოვაჩინე, რომ ნანუკასთანაც შესულან და მივხვდი, რომ უნდოდათ სპეცოპერაციის მასშტაბი წარმოეჩინათ. შემდეგ უკვე დაიწყეს სახლის ჩხრეკა, მითხრეს, რომ ეძებდნენ რაიმე ტიპის ელექტრონულ ნივთს და ასევე, რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთიერებას ან ნივთს. ჩხრეკა ძალიან ზედაპირულად ჩატარდა და დიდად აღარ მოჰყოლია განსაკუთრებული რაღაცები. იცოდნენ, რომ ტელეფონი იყო მთავარი, რაც უნდათ ამოეღოთ და უბრალოდ შეხვდათ ლეპტოპი, რომელზეც ამბობდნენ, რომ ეს შეგვიძლია არც წავიღოთ, მაგრამ იმსჯელეს და ბოლოს წაიღეს”, – განაცხადა მან.
ჩხრეკა ამ დრომდე გრძელდება ნანუკა ჟორჟოლიანისა და „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის სახლებში. „პუბლიკა” დეტალებისთვის დაკავშირებას პროკურატურასთან ცდილობს – უწყებას ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუვრცელებია.