სინდისის პატიმარი ანტონ ჩეჩინი დღეს სასამართლოზე არ მოიყვანეს, მიზეზი ოჯახისა და ადვოკატისთვის უცნობია

დღეს სინდისის პატიმარ ანტონ ჩეჩინის მორიგი სასამართლო სხდომა უნდა გამართულიყო, მაგრამ ბრალდებული ყველასთვის მოულოდნელად, პროცესზე არ მოუყვანიათ და ადვოკატის შუამდგომლობით, სხდომა გადაიდო.
პროცესზე ჩეჩინის არყოფნა მოულოდნელი იყო მისი ადვოკატისთვისაც და მეუღლისთვისაც. მეუღლე მანანა სამხარაძე ვარაუდობს, რომ ანტონ ჩეჩინის არდასწრება პროცესზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას, თავის ტვინში კისტურ-ქსოვილოვან წანაზარდს შეიძლება უკავშირდებოდეს. როგორც ადვოკატი გიორგი ჩხეიძე ნეტგაზეთს ეუბნება, ანტონ ჩეჩინთან კომუნიკაცია ბოლოს პარასკევს, 25 მარტს ჰქონდათ და ყველაფერი რიგზე იყო.
„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ არც ისე კარგია. კისტა თავში გაეზარდა. ყველამ იცის, რომ სიმსივნის დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს განწყობას. ადამიანს ამხელა ნერვიულობა ხვდება და არავინ არაფერს ითვალისწინებს. არც გამიკვირდა, რომ ის კისტა გაეზარდა. ექიმიც ამბობს, რომ სასწრაფოდ საოპერაციოა, თუმცა თვითონ უარზეა. ჯერ საშიში ქვეყნიდან ჩამოვიდა და ეგონა, რომ აქ იქნებოდა უსაფრთხოდ. შემდეგ აქ ჩაუდეს ნარკოტიკები, ამიტომ საქართველოში უკვე აღარავის და აღარაფერს ენდობა და ამბობს, რომ სანამ არ გამოვა, ოპერაციასაც არ გაიკეთებს“, – ამბობს ჩეჩინის მეუღლე.
ადვოკატი გიორგი ჩხეიზე ნეტგაზეთს ეუბნება, რომ ხვალ დილით ადრე პატიმარს მოინახულებს და დღევანდელ პროცესზე არდასწრების რეალური მიზეზიც მასთან შეხვედრის მერე გახდება ცნობილი.
ანტონ ჩეჩინს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით ედავებიან, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა/შენახვა/ტარებას გულისხმობს და სასჯელის სახით 8-დან 20- წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ანტონ ჩეჩინის საქმე არსებითი განხილვის, ანუ მტკიცებულებების გამოკვლევის, მოწმეთა დაკითხვის ეტაპზეა. ამ დრომდე უკვე დაიკითხა რამდენიმე მოწმე. მათ შორის გამომძიებელი; ასევე პირი, რომელიც ამტკიცებს, რომ ოპერატიული ინფორმაცია მიიღო ანტონ ჩეჩინთან დაკავშირებით, რის შემდეგაც ჩატარდა მის წინააღმდეგ საგამოძიებო მოქმედებები; ექსპერტები, რომლებიც ამტკიცებენ, ჩეჩინისგან ამოღებული ნივთიერებები კონკრეტული ნარკოტიკული საშუალებაა.
„ჩემი აქტიურობა დაიწყო ციმბირში – მიტინგებში ვმონაწილეობდი პუტინის რეჟიმის, სისხლიანი ომისა და ციხეებში სასტიკი მოპყრობის წინააღმდეგ. საქართველოში რეპრესიების გამო ჩამოვედი. დავიწყე უკრაინელების მხარდაჭერა, ვმონაწილეობდი „რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციებში. ჯერ დამაჯარიმეს, მერე პოლიციის თანამშრომლებმა ნარკოტიკი ჩამიდეს. ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს იმას, რაც რუსეთში ხდება. […] ჩამიდეს ნარკოტიკები იმის გამო, რომ თბილისის მაცხოვრებლებთან ერთად ვიბრძოდი ევროპული კურსისთვის, რუსული კანონების და ქართული მიწების ოკუპაციის წინააღმდეგ. მე მიყვარს ეს ქვეყანა და მას აყვავებას ვუსურვებ. ამის გამო, როგორც პოლიციელებმა თქვეს, მთელ ცხოვრებას ციხეში გავატარებ. ჩემს ქვეყანაში ასევე ვებრძოდი პუტინისა და მისი ხალხის მიერ შექმნილ რეჟიმს. მე არასოდეს გავყიდდი ნარკოტიკებს და არც კი მოვიხმარ მათ. ასევე არ ვსვამ და არ ვეწევი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო და ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების მომხრე ვარ“, — წერდა ანტონ ჩეჩინი იანვარში ციხიდან გამოგზავნილ წერილში.
ფოტოგრაფიითა და ნუმიზმატიკით გატაცებული ანტონ ჩეჩინი ს ქალაქ ბარნაულიდანაა. საქართველოში 2022 წლიდან იმყოფება. აქ გაიცნო მომავალი მეუღლე, მანანა სამხარაძე. როგორც მანანა სამხარაძე ჰყვება, ანტონს ს წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეც აქვს მოგებული.
ანტონ ჩეჩინი 2024 წლის 3 დეკემბერს, საცხოვრებელ სახლთან დილით ადრე სამსახურისკენ მიმავალი დააკავეს. მისი ადვოკატის თქმით, ანტონს პოლიცია მაიდენტიფიცირებელი ნიშნების გარეშე დახვდა, მანქანაში ჩასვეს და სწორედ ამ დროს ჩაუდეს ჯიბეში ნარკოტიკული საშუალება, რომლითაც შემდეგ მტკიცებულად წარმოადგინეს. თუმცა საქმეში არ არსებობს ანტონ ჩეჩინის გაჩერებისა და ჩხრეკის ვიდეომტკიცებულება, არ არსებობს ნეიტრალური მოწმე, რომელიც დაკავებას და ჩხრეკას დაესწრებოდა. პოლიცია ამას იმით ხსნის, რომ ანტონ ჩეჩინი მათ წინააღმდეგობას უწევდა და გადაღება ამიტომ ვერ მოახერხეს. ნეიტრალური მოწმის სახით თარჯიმანია წარმოდგენილი, რომელიც მაშინ მივიდა, როდესაც ჩეჩინი უკვე დაკავებული იყო.
ადვოკატი ამბობს, რომ ჩეჩინი წინააღმდეგობას პოლიციას არ უწევდა და ის თავად არის მათი მხრიდან არასათანადო მოპყრობის ობიექტი.
„ეშინია. იცის, რომ პოლიტიკური საქმეა. ერთხელ, ალბათ არასწორად გაიგო, რომ რუსთაველის გამზირი აღარ გადაიკეტა და ძალიან შეშინებული იყო. როცა ხედავს, რომ ბევრი ხალხია, თვითონაც იმედიანად არის. იცის, რომ მისი თავისუფლება ამაზეა დამოკიდებული”, — ნათქვამი აქვს ანტონის მეუღლეს, მანანა სამხარაძეს.
ანტონ ჩეჩინის საქმეზე მორიგი სხდომა 7 მაისს, 11 საათზეა ჩანიშნული.
· როგორ შეიცვალა პროკურატურის რიტორიკა სინდისის 11 პატიმრის საქმეზე
· პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა ახლობლები საზოგადოებრივ მოძრაობას ქმნიან
· გაათავისუფლეთ სინდისის პატიმრები – ხატია ბუნიათიშვილი